„ნაციონალური მოძრაობა“ ტელედებატებში მონაწილეობისთვის მზადაა

„ნაციონალური მოძრაობა“ ტელედებატებში მონაწილეობისთვის მზადაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, არხის მიერ შეთავაზებული ფორმატით სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი და პარტიის სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე მზად არიან ოპონენტებს სატელევიზიო დებატების ფორმატში დაუპირისპირდნენ“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ ტელედებატები შესთავაზა.

ტელედებატებში მონაწილეობის უფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს. თანხმობის შემთხვევაში, ოთხივე პოლიტიკური პარტიის კანდიდატი დებატებში ერთად მიიღებს მონაწილეობას.

სულ გაიმართება ორი ტელედებატი: პირველი-პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დაგეგმილია 9 სექტემბერს, ხოლო მეორე დებატი - საარჩევნო სიის პირველ ნომრებს შორის 18 სექტემბერს შედგება.