ფოთში, „ქართულ ოცნებას“ არცერთ საარჩევნო უბანზე მდივანი არ ეყოლება

ფოთში, „ქართულ ოცნებას“ არცერთ საარჩევნო უბანზე მდივანი არ ეყოლება

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის ფოთის კანდიდატის, ეკა ბესელიას შტაბის წარმომადგენლები, ფოთის საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ.

როგორც იურისტი ლადო მაჭარაშვილი განმარტავს, ფოთის არცერთ უბანზე კოალიციის წარმოამადგენლის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნა არ მოხდა.

„მდივნები ირჩევიან ოპოზიციური პარტიების მიერ. სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, რაც უკვე ეჭვს იწვევს, რომ ისინი არიან სატელიტური ოპოზიციური პარტიები. იქ, სადაც გაიხსნა საუბნო კომისიები მდივნებად დაინიშნენ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მის პრეტენზიებს არ ეთანხმება, ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ჯანო კვაშილავა.

„კომისეიების წევრების არჩევა მოხდა წესის დაცვით, კენჭისყრით. მდივნის არჩევა ხდება, პარტიების მიერ წარდგენილი წევრების მიერ და გადანაწილდა ისე, როგორც გადანაწილდა“, - აცხადებს კვაშილავა.

კოალიციის ბრალდებებს პასუხობს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლაშა ბერაია.

„ჩემთვის მიუღებელია ეს ბრალდებები, უცნაურადაც კი მეჩვენება. ბუნებრივია, ჩვენს ბლოკში შემავალი პარტიები, მხარს დაუჭერდა ამ ბლოკში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლებს და პირიქით“, - აცხადებს ბერაია.