წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დისკუსია მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დისკუსია მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

ამ წუთებში მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლები - ირაკლი მელაშვილი და მაგდა პოპიაშვილი.

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს კამპანიის - „ეს შენ გეხება“ ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი 17-პუნქტიანი ალტერნატიული კოდექსი პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება ირაკლი მელაშვილმა გააკეთა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა ქამილ ალიევმა განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება როგორც კოალიციის აქტივისტებს, ისე მოსახლეობას ატერორებს, რის გამოც ძალიან ჭირს ამომრჩეველთან მუშაობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, გიორგი შუკაკიძის განცხადებით, რეგიონში საარჩევნო გარემო თავისუფალია და არც ერთ პარტიას საარჩევნო კამპანიის წარმართვისას პრობლემები არ ექმნება. „არაფერი მსგავსი არ ხდება. თქვენ თქვენი უსუსურობის გადაფარვა გსურთ ამით, რადგან მხარდამჭერები არ გყავთ,“ - უპასუხა შუკაკიძემ ალიევს. მისი თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელისშემშლელი ფაქტები არ ჰქონია, არც სხვა პარტიებს და მისი ინფორმაციით, არც ადგილობრივ მედიას. „ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი და არც დასამალი გვაქვს არაფერი. მაქსიმალურად ვცდილობთ, სახელმწიფო რესურსების გამოყენება მინიმუმამდე დავიყვანოთ. წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით უკეთ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ვთხოვ ყველა პარტიას, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ეს არჩევნები სამართლიან გარემოში ჩავატაროთ“, - განაცხადა შუკაკიძემ.

შუკაკიძის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სერიოზული აღშფოთება მოჰყვა. კონსერვატიული პარტიის წევრმა, გრეტა წიწავამ შუკაკიძის საპასუხოდ წარმოადგინა კოალიციის წევრებზე გახორციელებული ზეწოლის ფაქტები. „როგორც კი გააქტირუდა „ქართული ოცნება“, დააკავეს კოალიციის ქვემო ქართლის კოორდინატორი მერაბ კაჭახიძე. 25 ივნისს თავს დაესხნენ მარნეულის შტაბის აქტივისტ ბესარიონ კუჭაშვილს, 19 აგვისტოს გაიტაცეს და სასტიკად სცემეს რუსთავის შტაბის წევრი გია ბეჟანიშვილი, რეგიონში ინტენსიურად მიდის ზეწოლა ნეიტრალურ ამომრჩეველზე. მათ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრძალავენ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას და მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით ემოქრებიან“, - განაცხადა წიწავამ.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, საბინა ტალიბოვას ინფორმაციით, რეგიონში ინფორმაციის სიმწირეა. მოსახლეობა, პრაქტიკულად არ არის ინფორმირებული წინასაარჩევნო პროცესების შესახებ. „ზოგჯერ ისიც კი არ იციან, რომ არჩევნებია,“ - აცხადებს ტალიბოვა. მისი თქმით, პრობლემას ისიც ქმნის, რომ ადგილობრივი ტელევიზია ნაკლებად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას. „ტელევიზიას არ აქვს დებატები, ამიტომ ინფორმაციაც პოლიტიკური პარტიების შესახებ მოსახლეობაში ნაკლებია,“ - აცხადებს ტალიბოვა.

შეხვედრის ბოლოს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ლია ნოღაშვილმა საარჩევნო პორტალის -  www.electionsportal.ge გამართა და დამსწრეებს სთხოვა, მიაწოდონ ინფორმაცია დარღვევების შესახებ.