საზოგადოებრივი მაუწყებელის შეთავაზება  პოლიტიკურ პარტიებს

საზოგადოებრივი მაუწყებელის შეთავაზება პოლიტიკურ პარტიებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო ტელედებატებს სთავაზობს. ამის შესახებ,  პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა  გია ჭანტურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჭანტურიას განცხადებით, სულ  ორი ტელედებატი გაიმართება პირველი-პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დაგეგმილია 9 სექტემბერს, ხოლო მეორე დებატი - საარჩევნო სიის პირველ ნომრებს შორის 18 სექტემბერს შედგება.

მისივე თქმით, ტელედებატებში მონაწილეობის უფლება   „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“,  „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“.

პირველი არხის გენერალური დირექტორის განცხადებითვე, დებატები მონაწილეებთან წინასწარ შეთანხმებული წესების მიხედვით გაიმართება, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან საერთაშორისო ფონდის ექსპერტების მიერ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით არის შემუშავებული.

„წესები კი ასეთია - სულ დაისმება სამი კითხვა, რომლებსაც მონაწილეები დებატების დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაეცნობიან. კითხვაზე პასუხების გასაცემად ყველა მონაწილეს ერთნაირი დრო გამოეყოფა. ამასთან, მათ დამატებით ექნებათ ერთი წუთი ოპონენტის პასუხის კომენტირებისთვის.ტელეტებატებში დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემის რიგითობის დასადგენად, დებატების წინა დღეს მონაწილეებს შორის წილისყრა გაიმართება“, - განაცხადა ჭანტურიამ და აღნშნა, რომ ყველა მონაწილე სუბიექტს შესაბამისი ოფიციალური მოწვევა დღესვე გაეგზავნება. მათგან პასუხს საზოგადოებრივი მაუწყებელი 4 სექტემბრის 18.00 საათამდე ელის.