„სამართლიანი არჩევნები“ დუშეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

„სამართლიანი არჩევნები“ დუშეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დუშეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საუბრობს. ამის შესახებ  ორგანიზაციამ დღეს განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, 27 აგვისტოს „მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის საარჩევნო ოლქში ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, 25 აგვისტოს „ვაჟაობაზე“ ერთ-ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა. 

მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად ზურაბ ოტიაშვილი, თანხის მიმღები მოქალაქე და რამდენიმე თვითმხილველი. 

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნული ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - "ამომრჩევლის მოსყიდვას", მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტში დანაშაულის ნიშნების შესწავლის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.