მით რომნი აშშ-ის

მით რომნი აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

მით რომნი ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. მისი კანდიდატურა პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად გამოაცხადეს.

ამისთვის მას მინიმუმ 1144 ხმის დაგროვება სჭირდებოდა, თუმცა ყრილობაზე 2061 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო. ოფიციალურად გამოცხადდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობაც. 
„რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, თანამდებობას პოლ რაიანი დაიკავებს. 
თავად რომნი მეუღლესთან ერთად ყრილობას თვალს ტამპაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან პირდაპირ ეთერში ადევნებდა. 

მოგვიანებით „რესპუბლიკელ“ დელეგატებს მისმა მეუღლემ - ენ რომნიმ მიმართა და უთხრა, რომ არჩევანში არ შემცდარან და რომნი ის ადამიანია, რომელიც შეერთებულ შტატებს წარმატებას მოუტანს. უკვე ცნობილია, რომ ნოემბერში პრეზიდენტის თანამდებობისთვის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მით რომნი იბრძოლებენ. 

მედიამ და სოციოლოგიურმა ცენტრებმა რამდენიმე გამოკითხვა ჩაატარეს, ყველა მათგანს მსგავსი შედეგი აქვს- ამ დროისთვის კანდიდატებს მომხრეების თითქმის ერთნაირი რაოდენობა ჰყავთ.