რამაზ საყვარელიძე: ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ ძალადობის პრინციპი შეცვალა

რამაზ საყვარელიძე: ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ ძალადობის პრინციპი შეცვალა

კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და აქციაზე ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან, ძალადობისა და დარბევის  ფაქტები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, შეცვალა თუ არა ხელისუფლებამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტის შემდეგ, ძალადობის პრინციპი.

„ის, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ცაგერში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციებსა და შეხვედრებზე კონფლიქტი არ ყოფილა, ჯერ კიდევ არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტმა რაიმე შედეგი გამოიღო. მაგრამ ხელისუფლება იქ, სადაც ადამიანთა დიდი რაოდენობა იყრის ხოლმე თავს, ცდილობს ძალადობაზე არ წავიდეს. თუკი ნაკლები ხალხის რაოდენობით მიმდინარე პროცესებშიც დაცული იქნება არაძალდობის პრინციპი, მაშინ შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ ძალადობის პრინციპი შეცვალა“,-აცხადებს საყვარელიძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მკვეთრ განცხადებებში, გაფრთხილება გამოჩნდა როგორც ხელისუფლების, საზოგადოების და ასევე საკუთარი თავის მიმართაც. 

„რაც შეეხება ეუთოს-საპარლამენტო ასამბლეის განცხადებებს, ვინც პოლიტიკას თვალს ადევნებს, შეგვიძლია ვთქვათ, მათთვის თვალშისაცემი იყო ეს განცხადებები და ყველას აქვს ეს მოლოდინი, რომ მათი განცხადებები უკვალოდ არ ჩაივლის. მითუმეტეს, რომ ამ განაცხადებეში მძიმე გაფრთხილებაც გამოჩნდა-თუ დარჩება ყველაფერი ისე, როგორც არის, გამორიცხული არ არის ეგვიპტური სცენარის გამეორება. ევროპისთვის ეს დაუშვებელია და მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აქ, საქართველოში ეს პროცესები არ წავიდეს. ამით, რა თქმა უნდა, ევროპამ თავისი თავიც გააფრთხილა. ეს ხელისუფლების და მთელი საზოგადოების გაფრთხილებაცაა, რადგან ეგვიპტური სცენარი ყველაფერს წალეკავს და რეგიონშიც ძალიან რთულ პროცესებს გააჩენს“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.