ირაკლი ალასანია: ზუგდიდის რაიონში სამედიცინო ცენტრს ავაშენებთ, რომელიც ადგილობრივებისთვის, მათ შორის, აფხაზებისთვის უფასო იქნება

ირაკლი ალასანია: ზუგდიდის რაიონში სამედიცინო ცენტრს ავაშენებთ, რომელიც ადგილობრივებისთვის, მათ შორის, აფხაზებისთვის უფასო იქნება

ბლოკის  „ივანიშვილი - ქართული ოცნება“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ირაკლი ალასანია სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა. ალასანიამ ადგილობრივებს  პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  წინასაარჩევნო პროგრამა  გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოფლის პრობლემების მოგვარებს დაჰპირდა.

„ქართული ოცნების“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას თვალყურს დარჩელის გამგეობის სპეციალისტი მამუკა ჯოლოგუა ადევნებდა.

ალასანიამ ადგილობრივებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ისურვა, რომ ეს დღე  მთელი საქართველოსთვის ბედნიერების და სიკეთის მომტანი იყოს.

„სოფელ დარჩელში მოსახლეობასთან შეხვედრისას ჩვენ იმ დიდ შესაძლებლობაზე ვილაპარაკეთ, რომელიც ამ სოფელს აქვს. უბრალოდ, აქ საჭიროა ძალიან დიდი თანადგომა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან, რომ შიდა გზები მოწესრიგდეს, მიეცეს საშუალება ადამიანს საკუთარი მიწა დაამუშავოს და ვილაპარაკეთ იმ დიდ ინვესტიციაზე სახელმწიფოს მხრიდან ერთ მილიარდზე, რომელიც  სოფლის მეურნეობაში ჩაიდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას რამდენიმე წლის წინ სთავაზობდა. კოალიციის ამოცანაა, რომ სოფელში ადამიანი წელში გაიმართოს, აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ეს პროდუქცია  შიდა ბაზარზე გავყიდოთ. გავხსნათ გზა აფხაზეთთან და შემდეგ,  ეს პროდუქცია ტრადიციულ ბაზრებზე გავიტანოთ. ეს შესაძლებლობა არსებობს.  ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ჯანდაცვაზე, ხელისუფლების  ძალიან ბევრი დაპირება, მათ შორის 100 საავადმყოფო, რომ ბლეფი აღმოჩნდა,  ეს ყველამ კარგად გაიგო. ჩვენ ზუგდიდის რაიონში, რეგიონალური მასშტაბის სამედიცინო ცენტრს ავაშენებთ, რომელიც ადგილობრივებისთვის მათ შორის აფხაზებისთვის უფასო იქნება  და  მთელ რეგიონს მოემსახურება“, - განაცხადა ალასანიამ.