„ქვეყნაში არსებული ბუნებრივი რესურსებით ადგილობრივი მოსახლეობა უნდა სარგებლობდეს.“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არ არსებობს სოფელი საკუთარი ბუნებრივი რესურსი რომ არ ჰქონდეს, თუმცა, მას მოვლა-პატრონობა სჭირდება.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ასეთი რესურსის პატრონია, გამოიყენებდა მას და სულ ცოტა, მშიერი და დაუსაქმებელი მაინც არ ეყოლებოდა საკუთარი ხალხი“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში სასმელი წყალი იღვრება, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგების პრობლემა აქვს.
მისი თქმით, უამრავ განასცდელგამოვლილ კუთხეს დაცლის საფრთხე ემუქრება, რადგან ხელისუფლება მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
ივანიშვილის განმარტებით, იჩეხება ტყეებიც, რომელთა დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.
„არსად იჩეხება ასე დაუნდობლად ტყე. ნადგურდება უნიკალური ბუნება, საქართველოს ტყეების უდიდესი ნაწილი ხელისუფლების ნება-სურვილით გარკვეული ჯგუფშის ხელშია მოქცეული. ტყის რესურსებით ვეღარ სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს უნდა დასრულდეს, ჩვენი ტყე და ადგილ-მამული თვითონვე უნდა მოვიხმაროთ“- განაცხადა ივანიშვილმა.