ბიძინა ივანიშვილი:  ოქტომბრის არჩევნები იქნება ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ

ბიძინა ივანიშვილი: ოქტომბრის არჩევნები იქნება ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ

 ამბროლაურში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია დაიწყო. კოალიციის ლიდერის განცხადებით, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობას დიდი არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მისი თქმით, ეს არჩევნები იქნება ბრძოლა  ჩვენი სამშობლოსთვის და მომავლისთვის.

„ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი რეგიონი წელში გამართული იქნება. რაჭის ტურისტული პოტენციალი ნაწილობრივადაც არაა გამოყენებული. ხელისუფლების დაპირება, რომ შაორი და შოვი ტურისტული ცენტრი გახდებოდა მხოლოდ დაპირებად დარჩა და კარგად მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებაში სიცრუის პროფესიონალები არიან. რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რაჭაში მიწისძვრა მოხდა.  მიწისძვრიდან დაზარალებულნი ხელისუფლებისგან დახმარებას ახლაც ელოდებიან. ჩვენ ამ გაჭირვებიდან გამოსვლა უნდა დავიწყოთ და ამას მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბრძოლა, რომელის ოქტომბერში გაიმართება აუცილებლად „ქართული ოცნების“ გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

„შემოდგომაზე დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.  ეს არჩევნები იქნება ბრძოლა ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი მომავლისათვის და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ მოჯამაგირეებად სჭირდება.

„არსად სხვაგან არ იჩეხება ტყე ისე, როგორც ჩვენთან. გლეხს ტყე წაართვეს, საქართველოს ტყეები ხელისუფლების ნება-სურვილით ერთი ჯგუფის ხელშია მოქცეული. ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე დიდი რესურსით - ტყით ვეღარ სარგებლობს. რაჭაში იშვიათი სოჭი იზრდება, რითაც კარგა ხანია, ევროპელები დაინტერესდნენ და დიდი ხანია უკვე გააქვთ, თუმცა არ ვიცით ვინ ატანს მას. ჩვენი ტყით და ჩვენი რესურსით ჩვენ უნდა ვისარგებლოთ. ჩვენს ხალხს უნდა მოხმარდეს ეს ყველაფერი. აი, ამას გპირდებით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ჩვენი მოსახლეობა მხოლოდ მოჯამაგირეებად სჭირდებათ. ამ ქვეყნის დარდი რომ არ აქვს ამ ხელისუფლებას იმითაც სჩანს, როცა ერთი კილო სოჭიდან ხალხს 6 ლარი შედის, მაშინ როცა მისი რეალური ფასი 100 დოლარია“, - განაცხადა ივანიშვილმა.