„ტელემაყურებელთა კავშირი“ მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობის გასაჯაროობას მოითხოვს

„ტელემაყურებელთა კავშირი“ მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობის გასაჯაროობას მოითხოვს

„ტელემაყურებელთა კავშირი“ მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობის გასაჯაროობას მოითხოვს და ამ მიზნით,  მედიასაშულებებს ორი სახის მიმართვას - მოთხოვნებს და რეკომენდაციებს სთავაზობენ.  ამის შესახებ, for.ge-ს პრეს კლუბში დღეს „ტელემაყურებელთა კავშირის“ ბრიფინგზე კავშირის დამფუძნებელმა გიორგი კევლიშვილმა  და პენ კლუბის წარმომადგენელმა   ირაკლი კაკაბაძემ ისაუბრეს.

„ტელემაყურებელთა კავშირის“ დამფუძნებლის  გიორგი კევლიშვილის განცხადებით, ნებისმიერი მედისაშუალება, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, უპირველეს ყოვლისა საზოგადოების წინაშეა პასუხისმგებელი.

შესაბამისად, მისი თქმით, შეუძლებელია რაიმე სხვა ინტერესის უპირატესობის დაწესება და ადამიანებით მანიპულირების, შეგნებული სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების, ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციის არგავრცელების, ძალადობის და სიძულვილის პროპაგანდის გამართლდება პოლიტიკური, კომერციული, კორპორატიული ან სხვა ინტერესებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების სურვილთან და ინტერესთან - მიიღოს სრული და მართალი ინფორმაცია.

„ჩვენ ვითხოვთ ყველა ტელემედია საშუალებისგან ორი კვირის განმავლობაში მფლობელთა ვინაობა დაასახელონ. ასევე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, გამოაქვეყნონ და საჯარო და ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში მიღებული შემოსავლისა და ხარჯების შესახებ“, - განაცხადა კევლიშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა მედიასაშუაებების მხრიდან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეალური გამჭვირვალობის დამკვიდრებას და ტელემაყურებელს მისცემს საშუალებას თავად გაერკვეს, რომელი ტელეარხი რა ფინანსური წყაროებით არსებობს.

„ტელემაყურებელთა კავშირში“ მიიჩნევენ, რომ ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მისთვის ამ ინფორმაციის განსაჯაროება პრობლემატურ საკითხს არ წარმოადგენს.

კავშირი მედიასაშუალებებს რეკომენდაციებსაც სთავაზობს, რომელიც შემდგომში მდგომარეობს.

„რეკომენდაციას ვაძლევთ ყველა მედიასაშუალებას შეიმუშაონ საკუთარი, ან შეუერთდნენ უკვე არსებულ ეთიკის კოდექსს, გამოაქვეყნონ ფასეულობები და სტანდარტები, რომელთა შესაბამისადაც ისურვებდნენ საზოგადოებას ემსჯელა მათ შესახებ. ასევე შემოიღონ „შიდა ომბუდსმენის“ ინსტიტუტი და ჩვენი აზრით, მედიას სასიკეთოდ წაადგებოდა, თუკი მედიასაშუალებების ხელმძღვანელობა დააწესებდა მმართველი საბჭოს ღია კრებებს, სადაც მოქალაქეებს დასწრების და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის უფლება ექნებოდათ“, - განაცხადა კევლიშვილმა.

თავის მხრივ, პენ კლუბის წარმომადგენლის  ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით,  საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მძიმე სიტუაციაა.

მისივე თქმით, რეალურად თავისუფალი სიტყვა იყიდება და ამაში მთავარ როლს სახელმწიფოსთან ერთად, კერძო მედია მაგნატები ასრულებენ.

„აუცილებელია საზოგადოებამ დაიწყოს განხილვა,  თუ ვინ არის ეს ხალხი, ვინ დანიშნა ეს ხალხი, საიდან დაინიშნა, როგორ, რანაირად ფლობენ მედიასაშუალებებს. დღეს,  კერძო მედიასაშუალებები ისევე,  როგორც სახელმწიფო გვიწამლავენ ბავშვებს პოლიტიკური თუ ძალადობის პროპაგანდით. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მედიის შემოსავლების გამჭირვალეობა და გასავლები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცოდეთ საიდან ხდება ადამიანის აზრის მანიპულირება, როგორ იყიდება თავისუფალი სიტყვა და აშ. ჩვენ ვიწყებთ საზოგადოებრივ დიალოგს. დროა,  თვალები გავახილოთ  და დავინახოთ,  რომ ნებისმიერი სტრუქტურა სახელმწიფო, თუ კერძო ვის დაქვემდებარებაშია“,- განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, „ტელემაყურებელთა კავშირი“,  რომლის სლოგანია „თავისუფალი და სამართლიანი მედიისთვის“ 2012  წლის 3 მაისს, პრესის საერთაშორისო დღეს  დაფუძნდა. კავშირი მედიის საქმიანობის საზოგადოების ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის ხელშეწყობას  ისახავს მიზნად.