„წიგნები ბუნებას უბრუნდებიან“ -კანადელი არტისტების უჩვეულო ინსტალაცია

„წიგნები ბუნებას უბრუნდებიან“ -კანადელი არტისტების უჩვეულო ინსტალაცია

წიგნების წარმოებისთვის  ყოველწლიურად ათასობით ხე ნადგურდება. ამასთან ერთად, ზოგჯერ ეს წიგნები სრულიად გამოუსადეგარი ხდება და დანიშნულების გარეშე დევს ბიბლიოთეკებსა თუ მაღაზიებში. „დაგროვილი ძველი, უსარგებლო, გამოცემები და პუბლიკაციები, უკან, ტყეს უნდა დაუბრუნდეს!“- ასე ფიქრობენ კანადელი მხატვრები როდნი ლატურელი და ტილო ფოლკერტსი.

რამდენიმე საუკუნის წინ თითოეული წიგნი რომელიც იბეჭდებოდა  მნიშვნელოვანი და ღირებული იყო. ახლა  წიგნები უზარმაზარი ტირაჟით გამოდის, მაგრამ რეალურად მათ ძალიან ცოტა მკითხველი ჰყავთ. შეიძლება ერთხელ გადაშალონდა ბოლომდეც არ წაიკითხონ. ღირს კი ამისთვის ტყის გაჩეხვა?

სწორედ ამ კთხვაზე პასუხის შემდეგ გადაწყვიტეს მხატვრებმა გამოუსადეგარი წიგნები ტყეში დაებრუნებინათ. ასობით ძველი გამოცემა და პუბლიკაცია შეკრიბეს და კანადის პროვინცია კვებეკში უჩვეულო ხელოვნების ინსტალაცია შექმნეს. მხატვრებმა ძველი წიგნებისგან ტყეში კედლები ააშენეს,  ნამუშევრის დასრულებას კი, თავად ბუნება შეუდგა.

 მხატვრები ორი წელია ელოდებიან, როდის გარდაიქმნება ეს წიგნები ისევ ბუნების ცოცხალ ნაწილად.  მართალია,ამას დიდი დრო მოუნდება, თუმცა მათი აზრით, ეს პროცესი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.

როდნი ლატურელი და ტილო ფოლკერტსი მონდომებით აკვირდებიან ამ პროცესს და როგორც ჩანს ჩანაფიქრიც ხორციელდება, წიგნებს უკვე გაუჩნდა ხავსი და მათზე სოკოებიც ამოვიდა. „ბუნება ნელ-ნელა აღიქვამს, რომ ეს მისი ნაწილებია, რომელიც ოდესღაც ადამიანებმა მოჰპარეს მას. ხედავთ,  წიგნები ბუნებას ისევ უბრუნდებიან“ -აღნიშნავენ არტისტები.