ფიქრია  ჩიხრაძე: მილიონი  ლარის  ასაღებად პოლიტიკური პარტიების  რიგი  დადგა

ფიქრია ჩიხრაძე: მილიონი ლარის ასაღებად პოლიტიკური პარტიების რიგი დადგა

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის  ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მილიონი ლარის ასაღებად პარტიების რიგი დგას.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში მუხლი, რომლის თანახმადაც, 5%-იან ბარიერგადალახული პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსებას მიიღებს, გასულ წელს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად ჩაიდო. 

ჩიხრაძის განცხადებითვე, თავის დროზე ამ მუხლის გამო,  ოპოზიციონერმა კოლეგებმა „ახალი მემარჯვენეების“ წინააღმდეგ სრულიად უპასუხისმგებლო, ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია აწარმოეს.

„ეს სწორედ ის ყბადაღებული მილიონი ლარია, რომლის გამოც რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა „ახალ მემარჯვენეებს“ გასულ წელს ტალახის სროლა აუტეხეს და ნაირ-ნაირი იარლიყები მიაწებეს - „მემარჯვენეები“ მილიონზე გაიყიდნენ“, „ხელისუფლებას მიეყიდნენ“ და ა.შ. დღეს მილიონიან ტრანშს კი,  ყველა ის პარტია ითხოვს, ვინც თავის დროზე შეთანხმებაში ამ მუხლის ჩადების გამო „მემარჯვენეებს“ უკიჟინებდა და მორალს უკითხავდა. ესენია „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“, „საქართველოს გზა“ და თვით მილიარდების მქონე „ქართული ოცნება“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, „ახალი მემარჯვენეები“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც პრინციპული ბრძოლაც შეუძლია, გონივრულ პოლიტიკურ კომპრომისებზე წასვლაც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც.

ცნობისთვის, 25 აგვისტოს საარჩევნო სუბიექტებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსებაზე თანხმობის წერილები წარუდგინეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ 11 თანხმობის წერილი შევიდა. 
საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსებაზე თანხმობის წერილები შემდეგმა საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს:“თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზას“; „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრიასტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“, ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. 
ცესკო-ს ცნობით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, (მუხლი 56, პუნქტი I) იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტი გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად ღებულობს არა უმეტეს 1,000,000 ლარისა. აღნიშნულ თანხაში შედის სატელევიზიო რეკლამის ხარჯებისთვის მიზნობრივად განსაზღვრული 300,000 ლარი (საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიიღებს, საარჩევნო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ).