გია ხუხაშვილი:  1 ოქტომბერს ახალი საქართველო იბადება, რომელიც წარსულიდან მოდის, მაგრამ არა უკან იყურება, არამედ წინ

გია ხუხაშვილი: 1 ოქტომბერს ახალი საქართველო იბადება, რომელიც წარსულიდან მოდის, მაგრამ არა უკან იყურება, არამედ წინ

ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს წარსულისკენ აბრუნებს.  ექსპერტი გია ხუხაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების პიარ-ტექნოლოგიებია, რადგან სწორედ ხელისუფლებაში არიან შევარდნაძის დროინდელი მინისტრები და არა კოალიციაში. 

„ კოალიციაში წარსულიდან ვერავის ნახავთ, სულ ახალგაზრდა პარტიებია, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით. იმ ცოდვების სიმძიმე, რაც ათეული წლების განმავლობაში საქართველოში დაგროვდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა ვეძებოთ. მიხეილ მაჭავარიანი შევარდნაძის დროინდელი მინისტრია. როდესაც დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძის პერიოდის მცირე შემოსავლებზე საუბრობს, სწორედ მიხეილ მაჭავარიანი გახლდათ მაშინ შემოსავლების მინისტრი და რაზეა, საუბარი. წარსულზე საუბარი და მტრის ხატზე მიბმა, პიარ-ტექნოლოგიებია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ამას აღარ „ჭამს“. ეს საზოგადოების მხრიდან ადეკვატურად აღიქმება. ივანიშვილის ყველა შეხვედრა მოსახლეობასთან ნატურალურია და ეს ყველა შეხვედრიდან ჩანს. დღეს ხელისუფლებას ხელში მხოლოდ სიყალბე და ძალადობა დარჩა. ფაქტიურად, მათ  ნატურალური მხარდაჭერებიც აღარ ჰყავთ, გარდა იმ მცირე პროცენტისა, ვისაც ტვინი გამოურეცხეს და ყველამ უნდა გაიგოს, რომ  პროცესი შექუცევადია“,-აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ იმ იმედით უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რომ 1 ოქტომბერს ახალი საქართველო იბადება, რომელიც წარსულიდან მოდის, მაგრამ არა უკან იყურება, არამედ წინ.

„სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინი ჩვენ არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს შეუძლებელია, რომ მოხდეს. წლევანდელი 1 ოქტომბერი საქართველოსთვის ახალი წლის ტოლფასია. ეს არის წარსულსა და მომავალს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის პროცესი, რადგან თუ წარსული არ გაქვს, მომავალს ვერ შექმნი.

 „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა წარსული წაეშალა და ყველაფერი 2003 წლიდან დაეწყო. ეს არ გამოუვიდათ და შეეცადნენ ეროვნული დღესასწაულები საკუთარ პარტიულ ზეიმებად ექციათ. ეს არის ხელისუფლების სრული აგონია და სწორედ იმ იმედით უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რომ 1 ოქტომბერს ახალი საქართველო იბადება, რომელიც წარსულიდან მოდის, მაგრამ არა უკან იყურება, არამედ წინ“,-აცხადებს გია ხუხაშვილი.