იუჯინ პურსო : მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არჩევნებისთვის კი არა, ხალხთან ომისთვის ემზადება

იუჯინ პურსო : მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არჩევნებისთვის კი არა, ხალხთან ომისთვის ემზადება

საქართველოს მეგობართა ჯგუფის დამფუძნებელი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, იუჯინ პურსო გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  საქართველოში სირიისა და ეგვიპტის სცენარების განმეორების საფრთხეზე საუბრობს.

როგორც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები დამშვიდების საფუძველს არ აძლევს, თუმცა მისი თქმით, ამერიკელი ხალხი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში.

„ხალხის გათავისუფლება სამსახურებიდან იმის გამო, რომ მათი შვილები ან თავად გამოხატავენ სიმპათიას სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ, მარწმუნებს, რომ მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულ მოქალაქეებს დევნის. ეს ძალიან მძიმე ფაქტია იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების მიმდევრად აცხადებს თავს“,- აცხადებს პურსო ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, არჩევნები საქართველოში ბრძოლის ველს ემსგავსება და არ აქვს უფლება, შორიდან უყუროს, როდის მივა საქმე კონფრონტაციამდე.

მისი თქმითვე, როდესაც ვითარება იქამდე მიდის, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს, თავის მოვალეობად მიიჩნევს ჩაერიონ და  ქვეყანა უბედურებას გადაარჩინონ...

„თავს მოვალედ ვთვლი, გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს ეგვიპტე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველმა ხალხმა სისხლისღვრა აიცილოს“, - აღნიშნავს პურსო.

მისივე ინფორმაციით, უკვე მიიღო წერილი ქართველი ემიგრანტებისგან, სადაც ისინი ამერიკელი ხალხისგან დახმარებას ითხოვენ.

„საქართველო წინასაარჩევნო სამზადისში ჩაფლულ ქვეყანას არაფრით ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ქვეყანა ბრძოლის ველია, ხოლო მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არჩევნებისთვის კი არა, ხალხთან ომისთვის ემზადება“, - აღნიშნავს იუჯინ პურსო „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.