GQR: გამოკითხულთა 69% თვლის, რომ  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება

GQR: გამოკითხულთა 69% თვლის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება

ამერიკული ორგანიზაცია „გრინბერგ ქვინლენ როსნერის“ (GQR) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69% თვლის, რომ  2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

აღნიშნულის შესახებ, „Greenberg Quinlan Rosher“-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებს, რადგან კვლევა სწორედ მათი დაკვეთით ჩატარდა.

კვლევის თანახმად,აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეების 2/3-ია, რაც ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, 6%-ითაა გაზრდილი.

კვლევა აჩვენებს, რომ 2008 და 2010 წლების არჩევნების წინ,მხოლოდ ამომრჩეველების ნახევარი მოელოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

„ამომრჩევლები 2012 წლის არჩევნებს სამართლიანობისა და თავისუფლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად დიდი მოლოდინით ხვდებიან. ჩვენი ფოკუს ჯგუფები აჩვენებენ, რომ ეს მოლოდინები წარმოიშვა ისეთი ფაქტორებისგან, როგორიცაა ბოლო პერიოდში საარჩევნო სიების დახვეწა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, მოსალოდნელი დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა და ის ფაქტი, რომ ამომრჩეველი აცნობიერებს, რომ მომავალი არჩევნები უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, ვიდრე წინა  არჩევნები", - ნათქვამია კვლევის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ შედეგებში.

კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა და 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.