ინგა გრიგოლია: პრეზიდენტს ვურჩევ, დროულად მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და ჩახედოს მწარე რეალობას თვალებში

ინგა გრიგოლია: პრეზიდენტს ვურჩევ, დროულად მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და ჩახედოს მწარე რეალობას თვალებში


„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, მას არ უკვირს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" ოქროს ხანაზე საუბრობს, რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის ეს მართლაც ოქროს ხანაა, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.

ამის შესახებ მან დღეს ახმეტელის კინოთეატრში გლდანის მოსახლეობასთან  შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრისას ინგა გრიგოლიამ ყურადღება კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ ტარიფებსა და  იმ დავალიანებაზე გაამახვილა, რომელიც გლდანის მოსახლეობას წლებია, დაგროვილი აქვს და ამის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, "ენერგო პროსა" და "თელასის" აქციების გამოსყიდვა მოხდება, რაც თითოეული ადამიანის ყოფითი ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს.

„რომელ ოქროს ხანაზე მესაუბრებით, როდესაც ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და  ყოველი თვის ბოლოს მუხლები უკანკალებთ უსამართლოდ გაზრდილი ტარიფების გადასახადის გამო. თუმცა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ნამდვილად ცხოვრობს ოქროს ხანაში და მე მას კიდევ ერთხელ ვურჩევ, დროულად მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და ჩახედოს მწარე რეალობას თვალებში", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

 

გარდა ამისა, მან ამომრჩეველთან პირობა დადო, რომ "ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, დაგროვილი დავალიანებები ყველა ადამიანს ჩამოეწერება.

 

ინგა გრიგოლია გლდანში მოსახლეობას თანაგუნდელებთან ერთად  შეხვდა.