საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ მწვავე კრიტიკის და მათი განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აცხადებს, რომ ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, პარტიებს, რომ არათანაბარ პირობებში უწევთ წინასაარჩევნო აგიტაცია ეს ისედაც ჩანდა, უბრალოდ, შეიცვალა ის, რომ ახლა ამას უცხოელებიც აღნიშნავენ.
კახიშვილის თქმით, წლების განმავლობაში, ძირითადად, არჩევნების პერიოდში არსებულ დარღვევებზე მხოლოდ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური სუბიექტები აცხადებდნენ ახლა კი, ამას უკვე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან ისე ეუთოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაემატნენ.
„ფაქტია, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა. არჩევნების პერიოდში ქვების სროლა, შხამ-ქიმიკატის გაშვება და ტრაგიკომედიამდე მისული ყადაღები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ საბოლოოდ, აისახებოდა. ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა ახლა სერიოზული განცხადება გააკეთეს. წლების განმავლობაში, ბევრი არჩევნების დასკვნა წამიკითხავს, მაგრამ ასეთი პრევენციული განცხადება ეუთოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან არ წამიკითხავს და არ მომისმენია“, - განაცხადა კახიშვილმა.
რაც შეეხება, ამომრჩეველთა ერთიან სიებთან დაკავშირებით „ღია დემოკრატიული კომიტეტის“ განცხადებას, კახიშვილის თქმით, სიებში არსებულ გარკვეული სახის პრობლემებზე მან განსხვავებული აზრი დაწერა და სიების დაზუსტების კომისიაში გამოაქვეყნა.
მისი თქმით, რიგი ხარვეზები მისთვისაც ცნობილია, თუმცა რაზეც „ღია დემოკრატიული კომიტეტი“ აპელირებს კახიშვილის თქმით, ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
„რაზეც ისინი აპელირებენ, რომ არის დანგრეული სახლები და ხალხი მაინც მასშია ჩაწერილი, ეს ჩვენი რეგულაციების პრობლემაა. წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო რეესტრის მიერ განხორციელებულ ძალიან სერიოზულ რეფორმებზე საუბრობენ, რაშიც ნაწილობრივ ვეთანხმები, ამ საკითხისთვის არანაირი ყურადღება არ იყო მიქცეული. შესაბამისად, ვინაიდან ეს სფერო რეგულაციების გარეშე დარჩა, ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანები სხვა ადგილას ცხოვრობენ, სხვა ადგილას არიან რეგისტრირებულნი, დანგრეულია ბინები, მაგრამ ხალხი მაინც რეგისტრირებული, ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ ხელისუფლების მხრიდან, ამ საკითხებისადმი სათანადო ყურადღება არ იყო მიქცეული. მიდგომა გასაგებია, რაც მეტი ამომრჩეველი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხელისუფლება მით უკეთეს შედეგს დადებს“, - განაცხადა კახიშვილმა.
კახიშვილი არ ეთანხმება და არც გამორიცხავს სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძეს განცხადებას, რომ „ღია დემოკრატიული კომიტეტის“ საქართველოში ჩამოყვანა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო, თუმცა აცხადებს, რომ რა მნიშვნელობა აქვს ვისი მოწვევითაა ჩამოსული მთავარია, ჰყავდეს პროფესიონალები და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პროფესიონალური დასკვნა დადონ.
„არ ვიცი, ამ ორგანიზაციის ბეგრაუნდი. ერთი წავიკითხე, რომ მანამდე სააკაშვილის მოწვევით იყო, მაგრამ ჭორებზე ვერანაირ აზრს ვერ ავაგებ. არასამთავრობო ორგანიზაცია - არასამთავრობო ორგანიზაციაა, რა მნიშველობა აქვს ვისი მოწვევითაა ჩამოსული მთავარია, ჰყავდეს პროფესიონალები და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პროფესიონალური დასკვნა დადონ“, - განაცხადა კახიშვილმა.