„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს ღოღობერიძისა და ბეჟანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას "ქართული ოცნების" ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების პროგრამები გააცნო, მათი პრობლემები მოისმინა და "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში თითოეული მათგანის მოგვარებას დაჰპირდა.
„ვისაუბრეთ ყველაზე მთავარზე, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ - სოციალური უსამართლობა, ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა, ავარიული და მიწისძვრით დაზარალებული სახლები. მე მათ ვაძლევ პირობას, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, არც ერთი ეს პრობლემა აღარ იარსებებს. ჩვენ შევქმნით მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ პრობლემას ნაძალადევსა და მთელ ქალაქში" - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შესახებ დაპირებებს იძლევა, თუმცა საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ სრულდება მათი დანაპირები. მისი განცხადებით, უკვე 9 წელია "ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ხელმისაწვდომ ჯანდაცვას პირდება და ამ პირობის შესრულება ვერ თუ არ მოახერხა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ოჯახისთვის დღეს რომელიმე წევრის ავად გახდომა ავტომატურად ნიშნავს ამ ოჯახის გაღატაკებას. ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება რომ შეიძლებოდა აქამდე უნდა მოეგვარებინა. ბიძინა ივანიშვილმა, იმის მიუხედავად, რომ ის არ იყო ხელისუფლების წევრი, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ყველანაირი პრობლემა მოუხსნა საჩხერის მოსახლეობას"- აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.