თინათინ ხიდაშელი სოფელ ყანდაურისა და ბადიაურის მოსახლეობას შეხვდა

თინათინ ხიდაშელი სოფელ ყანდაურისა და ბადიაურის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრები სოფელ ყანდაურსა და ბადიაურში გამართა. შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლის პრობლემებზე ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ პრესამსახურის ინფორმაციით,  ყანდაურის მოსახლეობას ისევე, როგორც საგარეჯოს რაიონის ბევრ სოფელს წყლის პრობლემა აწუხებს. დაუძლეველ პრობლემად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე.

თინათინ ხიდაშელმა ორი ოჯახი მოინახულა, რომელიც ბოლო სტიქიის დროს დაზარალდა და მათი სახლები სავალალო მდგომარეობაშია.

„ხიდაშელს სტიქიით დაზარალებული ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რომ მათ რამდენიმე დღის წინ სოფლად ჩასული მინისტრი ჭიაბერაშვილი სახლის სასწრაფო გამაგრებას და რეაბილიტაციას დაჰპირდა, თუმცა მინისტრის გამგზავრების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუსტად ამ ოჯახის წევრებს განუცხადეს, თუ "გლობალ-ტვ"-ს ანტენას არ მოხსნიდნენ და არ გადააგდებდნენ, ხელისუფლების მხრიდან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. ამ ფაქტის მომსწრეა სოფლის მოსახლეობა. დაზარალებული ოჯახი კი სოციალურადაც ძალიან მძიმე ყოფაშია", - აცხადებენ ხიდაშელის საარჩევნო შტაბში.

მისივე ცნობით, მეორე შეხვედრა სოფელ ბადიაურში გაიმართა, სადაც სოფლის გამგებელი და პოლიციის უფროსი შეხვედრის დაწყებამდე მოსახლეობის დაშინებას ცდილობდნენ. მათი თქმით, თავად გამგებელი და პოლიციის უფროსი კანდიდატ ხიდაშელის მანქანას უკან დაჰყვებოდა, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ კი ავტომანქანაში მუსიკის ხმამაღლა ჩართვით ცდილობდნენ ხელისშეშლას.

„მიუხედავად შეხვედრის ჩაშლის მცდელობისა და მოსახლეობის დაშინებისა, თინათინ ხიდაშელსა და ამომრჩეველს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სოფლის პრობლემებთან ერთად სკოლის მოსწავლეებმა საჯარო სკოლის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვეს. სკოლა სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს", - აცხადებენ მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში.