ვანო მერაბიშვილი ლაგოდეხის მარცვლეულის შემნახველ ცენტრს ესტუმრა

ვანო მერაბიშვილი ლაგოდეხის მარცვლეულის შემნახველ ცენტრს ესტუმრა

საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ლაგოდეხის მარცვლეულის შემნახველ ცენტრს ესტუმრა. პრემიერ-მინისტრი ცენტრის მუშაობას გაეცნო და მარცვლეულის მოყვანით დაკავებულ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს კუთვნილი მარცვლეულის შემნახველი ცენტრები წელს მომსახურების გადასახადს შეამცირებენ - გასულ წელთან შედარებით ერთი კილოგრამი სიმინდის გამოშრობის ღირებულება 8 თეთრიდან 5 თეთრამდე შემცირდება, ხოლო ერთი თვით შენახვის ფასი 1 თეთრიდან 0.5 თეთრამდე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მარცვლეულის მოყვანით დაკავებულ ფერმერებს სულ ოთხი მარცვლეულის შემნახველი ცენტრი მოემსახურება - დასავლეთ საქართველოსთვის აბაშის, შიდა ქართლისთვის გორის, ქვემო ქართლისთვის და კახეთის ნაწილისთვის სართიჭალის და კახეთის აღმოსავლეთ ნაწილისთვის ლაგოდეხის ცენტრები. ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ცენტრების ფუნქციონირების მნიშვნელობაზე საქართველოში მარცვლეულის მოყვანის ზრდის სტიმულირებისთვის, რასაც პერსპექტივაში მეცხოველეობის და მეფრინველეობის ზრდაც უნდა მოჰყვეს.

ლაგოდეხის მარცვლეულის  შესანახი ცენტრის საშრობის წარმადობა საათში 30 ტონა არის, ხოლო მოცულობა 50 ტონა. საწარმოში დასაქმებულია 37 ადგილობრივი, რომელთა საშუალო ხელფასი 400 ლარს შეადგენს.