„ქართულმა ოცნებამ“  ეუთოს დამკვირებლებს კოალიციის წევრების მიმართ, განხორციელებული დევნის ამსახველი მასალა მიაწოდა

„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს დამკვირებლებს კოალიციის წევრების მიმართ, განხორციელებული დევნის ამსახველი მასალა მიაწოდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციას შეეხო.  კოალიციის ლიდერებმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს იმ ზეწოლების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მიმართ ხორციელდება.

შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში ერთი საათი გაგრძელდა, კოალიციის მხრიდან ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე და დავით ზალკანიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრეს წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

ალასანიას თქმით, ყურადღება გამახვილდა კოალიციის ლიდერების დაჯარიმებისა და აქტივისტების დაკავების ფაქტებზე.

„ძალიან მოგვწონს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ადრეული მონიტორინგი დაიწყო. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ რეგიონებსა და დედაქალაქში შექმნილ ვითარებებზე, ვისაუბრეთ დაჯარიმებებზე და იმ ფინანსურ ზეწოლაზე, რომელსაც სახელმწიფო აუდიტი ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს. ვისაუბრეთ ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ჩვენს თანამებრძოლებზე“,-განაცხადა ალასანიამ.

მისივე  თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გადასცეს კოალიციის წევრების მიმართ განხორციელებული დევნის კონკრეტული ფაქტების ამსახველი მასალა.

ეუთოს დამკვირვებლები დაპირდნენ კოალიციის წევრებს, რომ მიღებულ მასალას ყურადღებით შეისწავლიან  და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.