ია ანთაძე: ჟურნალისტის ფიზიკურ შეურაცხყოფის ან ფსიქოლოგიური ტერორის საქმეებს პოლიცია არასდროს იძიებს

ია ანთაძე: ჟურნალისტის ფიზიკურ შეურაცხყოფის ან ფსიქოლოგიური ტერორის საქმეებს პოლიცია არასდროს იძიებს

მედიაექსპერტის ია ანთაძის შეფასებით, ახმეტაში მომხდარი,  სტუდია GNS-ის გადამღები ჯგუფის - ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტი, ძალიან მძიმე შემთხვევაა.

ანთაძე მომხდარს იმ ტენდენციის გაგრძელებად მიიჩნევს, რომელიც რეგიონებში განსაკუთრებით კი,  ბოლო პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიასთან ურთიერთობაში იკვეთება.

„ახმეტაში მომხდარი ძალიან მძიმე ფაქტია, მაგრამ სამწუხაროდ,  ეს არაა მხოლოდ ერთი ფაქტი. ეს  იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რომ რეგიონებში მედიასთან ურთიერთობა, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას ასევე იმ ადამიანებს, რომლების საქმიანობა შეიძლება საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს ძალიან უჭირს. სწორედ, რეგიონებში ჟურნალისტები ძალიან აქტიურები არიან,  ადრე ეს ძირითადად,  საგაზეთო ჟურნალისტიკა იყო, რა თქმა უნდა, მათ პრობლემები ადრეც ჰქონდათ, მაგრამ განსაკუთრებით იმის შემდეგ,  რაც მულტიმედია „მეცხრე არხი“,  „ინფო 9“,   „facebook“ გაჩნდა  მედიის ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც  კამერის ეშინიათ ძალიან დაიძაბა“, - განაცხადა ანთაძემ და აღნიშნა, რომ „ამიტომ პოლიციის ვალია  წესრიგის სადარაჯოზე იყოს და თუ უჭირთ ჟურნალისტებს, რადგან მათ მიმართ აგრესია მეტია, ისინი ჟურნალისტების დამცველნი იყვნენ“.

ანთაძის თქმით, კანონი  „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ,  რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში,  2004 წელსაა მიღებული, თავისი სულისკვეთებით იცავს ჟურნალისტს,  თუმცა  კანონი  ძალიან პროგრესულია რეალობაში კი,  აბსოლუტურად სხვა შემთხვევებთან გვაქვს საქმე.

„პოლიცია არასდროს იძიებს საქმეებს, რომელიც ჟურნალისტის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ან ფსიქოლოგიურ ტერორთანაა დაკავშირებული. ესაა ჩვენი რეალობა და ჯერ-ჯერობით ცხოვრებას ამ რეალობაში ვაგრძელებთ“, - განაცხადა ანთაძემ.