დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ქართული ოცნების“ ახდენის გზაზე, ჩვენ მნიშვნელოვანი კომპონენტი ვიქნებოდით კოალიციაში

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ქართული ოცნების“ ახდენის გზაზე, ჩვენ მნიშვნელოვანი კომპონენტი ვიქნებოდით კოალიციაში

„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ „თავისუფალ საქართველოს“ საკუთარი ელექტორატი გააჩნია, თუმცა უმჯობესი იქნება მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე შეჯერდეს ოპოზიცია.

„თავისუფალი საქართველო“ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ართმევს ხმებს, თუ „ქართულ ოცნებასაც“?

-პროპორციული სიით  ჩვენ,  ჩვენი ელექტორატი გაგვაჩნია..„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად ახსენებენ, თუნდაც სოზარ სუბარის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ იდეოლოგიური არათავსებადობის გამო „თავისუფალი საქართველო“ ვერ მოხვდა „ქართულ ოცნებაში“ . ამ განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ პროპორციული სიით, ჩვენ ჩვენი ელექტორატი გვყავს. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ერთიანი ოპოზიციური ძალისხმევით არის შესაძლებელი ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება მაჟორიტარულ ოლქში და ეს ოპოზიციონერი დეპუტატი  უნდა იყოს კონკურენციის გარეშე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უალტერნატივონი, ჩვენ ვამბობთ რომ შეჯიბრებითობის პრინციპით შესაძლებელია იმ ლიდერის გამოკვეთა, რომელსაც საზოგადოება მხარს დაუჭერს.

-ამისთვის ერთი მხარის ინიციატივა არ არის საკმარისი...

-ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ახდენის გზაზე, ჩვენ მნიშვნელოვანი კომპონენტი ვიქნებოდით კოალიციაში. ვინაიდან არ მოხდა „თავისუფალი საქართველოს“ „ქართულ ოცნებაში“ კოალიციონირება, ეს ჩვენთვის დამატებით ამოცანას წარმოშობს- აქტიურ პოლიტიკაში დავრჩეთ და საზოგადოებას ჩვენი პროგრამა და რესურსები შევთავაზოთ და ამ შეთავაზებით მოვახდინოთ ერთიანი ოპოზიცური კანდიდატის წარმოდგენა, რადგან ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების მოპოვებას.

-არჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება ხოლმე მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გადაადგილებების  შეტანა. გამორიცხავთ თუ არა, რომ თქვენი და  კოალიციის პოზიციების  შეჯერება მოხდეს?

-კანონით არის გათვალისწინებული, რომ არჩევნებამდე არაუგვიანეს მეათე დღისა, მოხდეს კორექტირებების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია კანდიდატურის მოხსნა, თუმცა საარჩევნო სიაში რჩები და ეს დამატებით პრობლემებს წარმოშობს.

 20 სექტემბრისთვის ეს საკითხი უნდა იყოს გადაწყვეტილი. როდესაც მე დავიწყებ დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრებს, როდესაც მე მექნება დებატები, მათ შორის „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვახტანგ ხმალაძესთან, ალბათ უფრო ნათელი და მკაფიო გახდება, რას ვგულისხმობ ამ ინტერვიუში.