„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ - სიებთან დაკავშირებით საქართველოში სერიოზული პრობლემებია

„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ - სიებთან დაკავშირებით საქართველოში სერიოზული პრობლემებია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

საერთაშორისო საკითხებში ორგანიზაციის მრჩეველი, ტერი ბენჰემი აცხადებს, რომ სიებთან დაკავშირებით საქართველოში სერიოზული პრობლემები არსებობს. მისი თქმით, ცესკომ ამომრჩეველთა სია მხოლოდ სამი დღის წინ გამოაქვეყნა, მაშინ როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

„ამომრჩეველთა რეგისტრაციის გაყალბება სერიოზული საკითხი და კანონდარღვევაა, საარჩევნო სიის გვიან გამოქვეყნება კი, აძნელებს სიის დაზუსტების და გადამოწმების პროცესს. ეს კი, სერიოზული საკითხია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის,“ - განაცხადა ბენჰემმა.

„ამომრჩეველთა ერთიანი სია მისი მასშტაბიდან გამომდინარე გამოკვლევას აძნელებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ აღნიშნული სიის გამოკვლევა დაიწყო, მასში არასწორი სარეგისტრაციო მონაცემები აღმოაჩინა. ჩვენ ძირითადად იმის გამო ვართ შეშფოთებული, რომ ის არასწორი მონაცემები, რომლებიც სიაში აღმოვაჩინეთ, იმ ახალ სიაშიც გადავიდა, რაც ცესკომ გამოაქვეყნა,“ - განაცხადა ბენჰემმა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ სხვა ორგანიზაციებისთვისაც შემაშფოთებელი აღმოჩნდა.

პრესკონფერენციაზე ბენჰემმა და „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მეფორდმა ჟურნალისტებს რამდენიმე პოსტერი წარუდგინეს,  კერძოდ ფოტომასალა მიტოვებული შენობებისა, სადაც  ათობით ამომრჩეველია რეგისტრირებული. მაგალითად:

ჯავახიშვილის ქუჩა 13-19, ჩამონგრეული სახლი, დარეგისტრირებულია 46 ამომრჩეველი.

დადიანის 22-  მიტოვებული შენობა, რეგისტრირებულია 42 ამომრჩეველი

ბარნოვის 82, ცარიელი პარკინგის ადგილას 8 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

მათი განმარტებით,  ისინი ყველა ღონეს ხმარობენ სიმართლის დასაზუსტებლად.

"ამომრჩეველთა რეგისტრაციის გაყალბება კანონდარღვევაა და ეს ძალიან სერიოზული საკითხია. გარდა ამისა, შეშფოთება გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებულ კანონებში ახალი ცვლილებები შევიდა. ამას შუა თამაშში წესების შეცვლას ვეძახით, რაც ქმნის შთაბეჭდილება, რომ ეს ცვლილებები პოლიტიკურად არის მოტივირებული. მაგალითად, პოპულარული ქართველი ფეხბურთელი საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევისთვის 10 მლნ ლარით დააჯარიმეს. მე არ განვიხილავ, რამდენად ლეგიტიმური იყო ეს გადაწყვეტილება, თუმცა თავად ჯარიმის ოდენობა სადამსჯელო ზომების მიღებას ჰგავს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ჯარიმა უფრო მაღალი იყო, ვიდრე – ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული სამი ყველაზე მაღალი ჯარიმის მაჩვენებლი ერთად აღებული. ჩემი მიზანი არ არის საქართველოს კანონმდებლობის განსჯა, მაგრამ ეს შეიძლება, აღქმული იქნას, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება, რაც საარჩევნო პროცესის სანდოობას ვნებას", - განაცხადა ბენჰემმა.

"საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის და არავის ინტერესებშია, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს. არჩევნები ლაკმუსის ტესტია", - განაცხადა ბენჰემმა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე "ღია დემოკრატიის კომიტეტს" 20 დამკვირვებელი ეყოლება. 
ამასთან, როგორც "ღია დემოკრატიის კომიტეტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მეფორდმა განმარტა, შესაბამის პროცედურებს ცესკო-ში დასარეგისტრირებლად დამკვირვებლები უახლოეს დღეებში გაივლიან. 
 ჟურნალისტები "ღია დემოკრატიის კომიტეტის" დაფინანსების წყაროებითაც დაინტერესდნენ,  ბრაიან მეფორდმა განაცხადა, რომ "ღია დემოკრატიის კომიტეტი" არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც კერძო შემოწირულობებით არსებობს და საარჩევნო პროცესებს საქართველოსა და უკრაინაში აკვირდება. 

 ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტი",  2010 წელს ჩამოყალიბდა. ორგანიზაცია, მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებს აკვირდება. მისი მრჩევლები და ექსპერტები ქვეყნებისთვის რეკომედნდაციების მიცემით ცდილობენ გააუმჯობესონ საარჩევნო გარემო.