კახა კალაძე მის მიმართ განხორციელებულ მორიგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

კახა კალაძე მის მიმართ განხორციელებულ მორიგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერი, კახა კალაძე ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ მორიგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს კახა კალაძემ და „პროგრეს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლორენცო ჩიპრიანიმ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

კალაძის განცხადებით, დაახლოებით 80 ათასი დოლარის ოდენობით სასესხო ოპერაციის გამო დაკავებულია ბანკის ორი თანამშრომელი - მოლარე და კრედიტ-ოფიცერი. მისივე თქმით, ერთ ერთ მათგანზე მიმდინარეობდა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლა. მას სთხოვდნენ დაესახელებინა კახა კალაძის სახელი და გვარი იმ ასპექტში, თითქოს ეს საბანკო ოპერაცია მისი დავალებით განხორციელდა.

„ეს პირები 20 აგვისტოს დააკავეს. სასამართლოზე ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე თვითონ ისაუბრეს და აღნიშნეს, თითქოს მე ვავალებდი ამ ადამიანს ეს საბანკო ოპერაცია გაეკეთებინა“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, ბანკის დაარსების დღიდან დღემდე ყველა ოპერაცია კანონის ფარგლებშია განხორციელებული და აღნიშნავს, რომ ეს ეროვნულმა ბანკმაც კარგად იცის.

კალაძე ამ ფაქტს პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს. მისი თქმით,  ხელისუფლების მესვეურნი ახლა უკვე ბანკის თანამშრომლების დაშინებასა და შანტაჟზე არიან გადასულნი.

თავის მხრივ, „პროგრეს ბანკის“ გენერალური დირექტორი, კოტე სულამანიძე აცხადებს, რომ ეს ბანკში განხორციელებული ჩვეულებრივი სესხის გაცემის ოპერაცია იყო. მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე „პროგრეს ბანკის“ თანამშრომლების და სესხის მიმღების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

„პროგრეს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლორენცო ჩიპრიანი კოალიციის ერთ- ერთი ლიდერს, კახი კალაძის პოზიციას იზიარებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი კალაძის პოლიტიკურ დევნას ემსახურება.

მან ხაზი გაუსვა „პროგრეს ბანკში“ ეროვნული ბანკის ინსპექციის ყოფნას და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ორკვირიანი კონტროლი დღემდე გრძელდება. ჩიპრიანიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობაზე.