ქუთაისის მთავრობის სახლის მშენებლობიდან 24 წლის ლევან სილაგავა გადმოვარდა

ქუთაისის მთავრობის სახლის მშენებლობიდან 24 წლის ლევან სილაგავა გადმოვარდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული 24 წლის ლევან სილაგავაა, რომელიც ქალა-ტვინის ტრამვით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სილაგავა სამედიცინო დაწესებულებაში ქალის ტვინის ძლიერი ტრამვით შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა კი საშუალო სირთულისაა.

ცნობილია, რომ სილაგავა  ეპილეფსიით იყო დაავადებული. გავრცელებული ინფორმაციით, მას ეპილეფსიური გულყრა დაემართა და სწორედ ამის გამო ჩამოვარდა შენობიდან.

„პაციენტს ქალის ტვინის ტრამვა აქვს. ის ჩამოვარდნილია სიმაღლიდან. როგორც ვიცი მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა. ეხლა იმყოფება დაკვირვების ქვეშ. უტარდება შესაბამისი ღონისძიებები. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - განაცხადა ქუთაისის ინტერვეციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა, კობა კიკნაველიძემ.

შემთხვევა გუშინ დაახლოებით 5 საათზე მოხდა.აღნიშნული ფაქტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობებიდან მუშის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ არის.

ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა ჩამოვარდა. სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობაში მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი, როცა ერთერთ მუშას ბაგირი გაუწყდა და საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან ჩამოვარდა.