აფხაზი სეპარატისტები ქართველი დევნილების დაბრუნების უფლებებზე ალაპარაკდნენ

აფხაზი სეპარატისტები ქართველი დევნილების დაბრუნების უფლებებზე ალაპარაკდნენ

აფხაზი სეპარატისტების ბოლოდროინდელ განცხადებებში ახალი ნოტები გაისმის. თუ აქამდე სეპარატისტებს ქართველი დევნილების დაბრუნებაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდოდათ, ახლა იძულებულნი არიან რეალობას თვალი გაუსწორონ. გაეროს ბოლო რეზოლუციის და ჰააგის სასამართლოში ქართული სარჩელის განხილვის ფონზე სოხუმში „იმ ქართველი დევნილების უფლებებზე ალაპარაკდნენ, რომლებსაც, მათი თქმით, აფხაზეთში დაბრუნების უფლება აქვთ“.

როგორც ჩანს ევროკავშირის წარმომადგენლების სოხუმში ვიზიტებს მთლად უშედეგოდ არ ჩაუვლია. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ ახალი ევროპული პოლიტიკა – თანამშრომლობა აღიარების გარეშე, ნელ–ნელა ძალებს იკრებს. რა დონეზე შეძლებენ ევროპელები ორთავიანი არწივის კლანჭებიდან აფხაზეთის დახსნას, ამას უახლოესი დრო და გარემოებანი გვიჩვენებენ.  

მანამდე კი, აფხაზეთში დემოგრაფიული მდგომარეობა დღითი–დღე იცვლება. ანალიტიკოსების თქმით, დღევანდელი ტემპების გათვალისწინებით მალე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკური უმრავლესობა სომხები გახდებიან. ზოგიერთს გაუკვირდა, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სომხეთმა ქართული რეზოლუციის (დევნილების მშობლიურ მიწებზე დაბრუნების შესახებ) წინააღმდეგ ხმა რატომ მისცა. 

ასეა თუ ისე, სოხუმში ქართველი დევნილების დაბრუნების საჭიროებაზე პირველი, ფრთხილი განცხადებების კეთება დაიწყეს. თუმცა, იმის თქმაც არ დავიწყებიათ, რომ „თბილისი დევნილების დაბრუნების საკითხის პოლიტიზირებას ახდენს“. აფხაზი სეპარატისტების თქმით, „უკლებლივ ყველა ქართველი დევნილის აფხაზეთში დაბრუნება გამორიცხულია“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ უკლებლივ ყველა ქართველი დევნილის აფხაზეთში დაბრუნება გამორიცხულია – ვინაიდან დევნილთა უმრავლესობა სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს საქართველოს მხარეს იბრძოდნენ.

სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გაეროს დევნილთა საკითხებში უმაღლეს კომისართან უოლტერ კალინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 1999 წელს აფხაზურმა მხარემ თავად მოახდინა დევნილთა დაბრუნების საკითხის ინიცირება და ცალმხრივად, გალის რაიონში დაახლოებით 60 ათასი დევნილი დააბრუნა. მისივე თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილების მასობრივმა და სტიქიურმა დაბრუნებამ შესაძლოა რეგიონში სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს.

აფხაზური მხარე მოითხოვს ყველა ქართველი დევნილის მონაცემთა ბაზის შემოწმებას მათი რეალური რაოდენობის დადგენის მიზნით. ასევე იმ მიზნით, რომ დადგინდეს იმ დევნილთა რაოდენობა, რომლებსაც აქვთ სურვილი, მზად არიან და რაც მთავარია აქვთ უფლება დაბრუნდნენ აფხაზეთში. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საგანგებო განცხადება სეპარატისტთა საგარეო უწყებამ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ქართველი დევნილების შესახებ რეზოლუციის მიღების საპასუხოდ გააკეთა. 

სეპარატისტთა ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილებაა დაფიქსირებული და „დამახინჯებულია რეალობა, ხელს არ უწყობს დევნილთა საკითხების გადაწყვეტაში პროგრესის შეტანას“. 

სეპარატისტთა ე. წ. საგარეო უწყების მიმართვაში გაეროს გენერალური ასამბლეისადმი ნათქვამია, რომ ეს რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთი საქართველოს კუთვნილებაა სერიოზულად აღსაქმელი არ არის. 

„იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოებია, ამჟამად არსებული ახალი რეალობების გათვალისწინებით, აფხაზური მხარე აუცილებლად მიიჩნევს აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკაში დევნილების დასაბრუნებლად, ახალი მექანიზმებისა და ფორმატების შემუშავებას“, – ნათქვამია მიმართვაში და აღნიშნულია, რომ აფხაზური მხარე ღრმადაა დაინტერესებული დევნილების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტასთან. 

ამას გარდა, აფხაზური მხარე ღიად აცხადებს, რომ ყველა ქართველი დევნილის დაბრუნებას აფხაზეთში შეუძლებლად მიიჩნევს. 

„შეუძლებლად მიგვაჩნია ყველა ქართველი დევნილის დაბრუნება აფხაზეთში, ვინაიდან მათი უმრავლესობა სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აფხაზი ხალხის გენოციდში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს“, – ნათქვამია სეპარატისტების მიმართვაში. 

მეტიც, აფხაზი სეპარატისტები აღნიშნულ მიმართვაში ასევე აცხადებენ, რომ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი, აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა როდი იყო. 

„დევნილების დიდი ნაწილი სტალინის მიერ იქნა აფხაზეთში ჩასახლებული, რითაც ძალისმიერად შეიცვალა აფხაზეთში დემოგრაფიული ბალანსი“, – წერენ სეპარატისტები.

ამასობაში თბილისში „აფხაზეთში დაბრუნების“ მსურველთა ფონდი შეიქმნა. ფონდის მთავარი მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის სახალხო დიპლომატიური კავშირების აღდგენა და ნდობის აღორძინებაა. 

„ჩვენი ფონდის მთავარი მიზანია სახალხო დიპლომატიის მაღალ დონეზე აყვანა, ფონდთან არსებული უხუცესთა საბჭოს მიერ, სახალხო დიპლომატიის საქმეში განსაკუთრებული როლის ამაღლება – ნათესაური, მეზობლური, მეგობრული და სხვა კავშირების აღდგენა. ასევე ვეცდებით გაუწიოთ მატერიალური დახმარება როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა ოჯახებს“, – აცხადებს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ფონდის თავმჯდომარე ოლეგ ჯოლია. 

მისი თქმით, ფონდი ასევე ეცდება დაამყაროს კავშირი ქართველ საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სხვა ეროვნების სათვისტომოებთან. 

„ვეცდებით აღმოვუჩინოთ ფინანსური დახმარება, როგორც ქართველებს ისე აფხაზებს, მაგალითად, განათლების ხაზით – უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა ან ჯანდაცვის ხაზით – უფასო ოპერაციები გაკეთების შესაძლებლობა“, – აცხადებს ჯოლია. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა ფონდმა საქართველოს ხელისუფლებას უკვე მიმართა წინადადებით დაიდგას საომარ კონფლიქტში დაღუპულთა (ქართველთა, აფხაზთა და სხვა ერთა) ხსოვნის ძეგლი სოფ. რუხში ენგურის ხიდთან.