კახა კალაძე: სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არ ვთვლი, ის ნაციონალების პრეზიდენტია

კახა კალაძე: სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არ ვთვლი, ის ნაციონალების პრეზიდენტია

სამტრედიაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან სამტრედიაში გუშინ,  „ნაც. მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.

შესაბამისი განცხადება კალაძემ facebook -ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„პასუხი სააკაშვილს: მე მას საქართველოს პრეზიდენტად არ ვთვლი. ის არის ნაციონალების პრეზიდენტი. რას აკეთებს და რას გააკეთებს, სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს“, - ნათქვამია კალაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე წარუდგინა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

პრეზიდენტმა მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა,  მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებას დაჰპირდა და კონკრეტულად, ყურადღება ოქტომბრის არჩევნებზე გაამახვილა.

 „აქ ჩემი და მერაბის ბედი კი არ წყდება, არამედ - ჩვენი შვილების. მინდა  თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა - არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა,  ვიდრე 8 წლის წინ, როგორც საზოგადოება და თუ არის,  ჩვენ უკან დაბრუნების ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენი მარშრუტი მხოლოდ წინ სიარული და აღმასვლაა. სხვადასხვა მოწინააღმდეგეები არსებობენ, მაგრამ დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე მოსულია თქვენთან და გაურკვევლობას თესავს, როდესაც გვეუბნება, რა მნიშვნელობა აქვს, ევროპასთან ვიქნებით, რუსეთთან თუ ამერიკასთან?  ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც საქართველო დაცული იქნება,  სადაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ის ვინც გვეუბნება, „რა მნიშვნელობა აქვს ომი ვინ დაიწყო, ჩემთვის სულერთია, ომი ვინ დაიწყოო“, - ალბათ,  სულერთია ვის კარებში გაიტან გოლს. საკუთარ კარში გოლების გამტანების დიდი ბრიგადაა შემოსეული საქართველოში  და ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ. თუ ამბობ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე ომში, ცდილობ გოლი გაიტანო შენს კარებში. სანამ ჩვენ კარებში ასეთი მეკარეები დგანან, გოლს ვერ გაგვიტანენ, მათ შორის ვერც საკუთარ კარებში“, - განაცხადა სააკაშვილმა.