ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ იაფფასიანი შედარებები, ქუჩური გამოთქმები ქვეყნის პირველ პირს არ უნდა ახასიათებდეს და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო ბევრად უფრო მჭერმეტყველი, გონიერი და წესიერი ხელისუფლების ღირსია.
„ძნელია შეაფასო ვითარება, რომელშიც საკუთარი ქვეყნის პერსპექტივა მახინჯად არის წარმოდგენილი. ქვეყნის პირველ პირს სოლიდურობის ნატამალი არ ეტყობა საზოგადოებასთან ურთიერთობისას- იაფფასიანი შედარებები, ქუჩური გამოთქმები და სრულიად ობიექტურობის გრძნობის დეფიციტი. წარმოდგენილი კანდიდატი, რომლის „სამეცნიერო დამსახურებები“ დიდი კითხვის ქვეშ დგას, არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ყოველივე ეს ერთად აღებული, როდესაც იკავებს 80%-ს ახალი ამბებისა საზოგადოების მაუწყებელზე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნების გარანტი საკუთარ თავს ებრძვის და ამარცხებს, „გამარჯვებული კი ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი , რომელსაც არ გამოუვიდა და რომელსაც რეალურად არც არასოდეს უნდოდა, რომ ყოფილიყო რეალურად გარანტი დემოკრატიული არჩევნებისა. საქართველო ბევრად უფრო მჭერმეტყველი, გონიერი და წესიერი ხელისუფლების ღირსია“,-აცხადებს ექსპერტი.
სოსო ცისკარიშვილის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხავსი აქვს მოკიდებული და სურს, ეს ხავსი მთელ საქართველოსაც მოეკიდოს.
„ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მეტყველებას ვერ აკონტროლებს, ვერ წარმართავს ქვეყნის განვითარების პროცესს. როდესაც ერთიდაიგივე ტექსტებია შემოთავაზებული პრეზიდენტის, თბილისის მერის, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების მიერ და უფლებაც არ აქვთ სხვა რაიმე ახალი ფრაზა შემოიტანონ საკუთრ მეტყველებაში ან ახალი ხედვა, მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხავსი მოეკიდა და მათ სურვილი აქვთ, მთელ საქართველოსაც მოეკიდოსეს ხავსი. რაც შეეხება წარსულში დაბრუნების ნატრვარს, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეიძლება ინატრონ, რადგან მათ შესანიშნავი მოგონებები აკავშირებთ საკუთარ წარსულთან“,-აცხადებს ცისკარიშვილი.