საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელთან ერთად, ყაზბეგის რაიონში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა.
თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი და გუბერნატორი, ენერგეტიკის მინისტრთან ვახტანგ ბალავაძესთან ერთად, მდინარე თერგზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს „ლარსი ჰეს“- ს და „დარიალი ჰეს“-ს ესტუმრა და მშენებლობის პროცესს გაეცნო. ჰეს-ების მშენებლობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და 2014 წელს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველოს რეგიონები ხარისხიანი ელექტროენერგიით უნდა უზრუნველყონ.
ორივე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჯამში დადგმული სიმძლავრე 127 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება 619 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. აღნიშნული ჰეს-ების მშენებლობაში 155 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და 328 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობიდან, დასაქმდა.
ჰესების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაბა სტეფანწმინდაში ახლად გახსნილი სასტუმრო „Rooms Hotel Kazbegi“ დაათვალიერა და დამსვენებლებს გაესაუბრა. სასტუმრო 2012 წლის ივლისში გაიხსნა და მას 156 ოთახი აქვს. სასტუმროში 90 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა უმეტესობაც ადგილობრივია.