საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო ვითარებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის კრიტიკა მოყვა. მათი შეფასებით, საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის მცირე ნიშნები გამოიკვეთა. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი აცხადებს, პარტიები საკუთარ პროგრამებს კი არ წარადგენენ, არამედ ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ტონინო პიცულა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლო არაობიექტურობაზე საუბრობს. ის შეშფოთებას სასამართლო სისტემაზეც გამოთქვამს და აცხადებს, რომ ეუთო მისგან ნათელი და ნაკლებად არაობიექტური ინსტრუქციებით მოქმედებასა და სხვადასხვა საქმეებში მიუკერძოებელ ჩარევას მოითხოვს.
საქ-ში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, დასავლელი პარტნიორი და ამერიკელი გავლენიანი დიპლომატის უილიამ კორტნის შეფასებით, არჩევნების გაყალბების შემთხევაში ქვეყანა დასავლეთის ნდობას, ვაშინგტონი კი თბილისთან თანამშრომლობის ინტერესს დაკარგავს.
რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, კორტნის აზრით, ამისათვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რაც მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გარკვევასა და აფხაზეთისა და ოსეთის საკითხების გადაწყვეტას უკავშირდება.
დასავლეთში წინასაარჩევნო პროცესების გარდა, კრიტიკულად აფასებენ დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვასაც და აცხადებენ, რომ რაც ეხლა ხდება საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს საფრთხეს უქმნის.
რამდენად ობიექტურად შეიძლება შეფასდეს ეუთოს მისიის წარმომადგენლების განცხადებები, რამდენად მოხდება ხელისუფლების მიერ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინება და შეიძლება თუ არა ასეთ გარემოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ამ საკითხზე From.ge ექსპერტ არჩილ გეგეშიძეს ესაუბრა.
-როგორ შეაფასებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან წინასაარჩევნო გარემოს კრიტიკულ შეფასებებს?
-ჩვენმა სტუმრებმა მათთვის ჩვეული ცივილიზებული წინასაარჩევნო გარემოსგან განსხვავებით, აქ ბრძოლის ველი დაინახეს - როცა ძალაუფლებისთვის ბრძოლის მათთვის მიუღებელი ფორმები გამოიყენება. ის მოლოდინი, რაც მათ ჰქონდათ, რომ ამჯერად საქართველოში სამართლიანი და ევროპული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები ჩატარდებოდა ვერ გამართლდა. მე ვფიქრობ, რომ ეს შეფასებებიც მათი გულგაცრუების გამოძახილი იყო, რაც რათქმაუნდა კარგი არ არის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი თავიანთ განცხადებებში მთელ საარჩევნო გარემოს აკრიტიკებენ, პოლიტიკურ პარტიებს კი მრავლობით რიცხვში მოიხსენიებენ. ანუ გამოდის, რომ ისინი არა მარტო სახელისუფლებო პარტიას, არამედ სხვა პარტიებსაც აკრიტიკებენ. თუმცა ეს საარჩევნო გარემოს და დემოკრატიის ანაბანაა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში მმართველ ძალას ეკისრება. მას ყოველგვარი ბერკეტი აქვს იმისა, რომ ეს გარემო სათანადო დონეზე იქნას ჩამოყალიბებული და უზრუნველყოს თანაბარი თამაშის წესები. ანუ მთავარი ადრესატი ამ კრიტიკის, რათქმაუნდა პირველ რიგში ხელისუფლებაა.
-რამდენად ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მათი ეს კრიტიკა?
-აქ გასათვალისწინებელია, რომ ეუთოს წარმომადგელები შეხვდნენ როგორც ოპოზიციის ასევე ხელისუფლების წარმომადგენელებს. მათ ორივე მხარის პოზიციები მოისმინეს, შეაჯერეს და შექმნილი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე გააკეთეს მსგავსი შეფასებები. ამიტომ ვფიქრობ, რომ სანდო და ობიექტურია ეს კრიტიკა.
-როგორ ფიქრობთ, რამდენად მოხდება სამომავლოდ ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული შენიშვნების მიღება, სათანადოდ აღქმა და შესაბამისად გათვალისწინება?
-თუ კი ხელისუფლება გონიერების ფარგლებში იმოქმედებს და ჯანსაღი ლოგიკით იხელმძღვანელებს, მაშინ ყურად უნდა იღოს. მაგრამ თუ კი მისთვის მთავარი პრიორიტეტი ძალაუფლების შენარჩუნებაა და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რათქმაუნდა არ გაითვალისწინებს. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ კი არ გამოსწორდა ვითარება და საქართველოში ჩატარებული არჩევნები, მის წინა და შემდგომი პერიოდი მათ ანგარიშში უარყოფითად იქნა ასახული, საქართველო დაკარგავს შანსს დემოკრატიულ სახელმწიფოებს ჩვენზე მნიშნელოვნად გაუუმჯობესოს აზრი და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის თვალსაზრისით კიდევ უფრო გაუფართოვოს პესპექტივები. ეს შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი, რაც ხელისუფლების დაუფიქრებლობას მოყვება.
-კონკრეტულად რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ?
-ყური მოვკარი, რომ აღსრულების ბიურომ დაჯარიმებული პარტიების მიმართ სააღსრულებლო წარმოება გადადო. მე ვფიქრობ, ხსენებულ შენიშვნებზე ეს ხელისუფლების ერთგვარი რეაქცია იყო. თუმცა ამაში არ ვარ დარწმუნებული. რადგან პირველ წყაროსთან არ მიმიწვდება ხელი და უბრალოდ ლოგიკურად ვხედავ ასეთ კავშირს. საბოლოო ჯამში, ასეთ შენიშვნებს რამდენად იღებს ყურად, მათგან რამდენს გაიზიარებს და რამდენს არა, მე ხელისუფლების ნაცვლად ვერაფერს გეტყვით. გააჩნია ხელისუფლების უმაღლესი პრიორიტეტი რა არის, საქართველოს იმიჯის რადიკალური გაუმჯობესება და მისთვის ევროინტეგრაციული პერსპექტივების გაფართოება თუ ძალაუფლების შენარჩუნება.
-მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებულ წინასაარჩევნო გარემოს ევროპული საზოგადოება ნეგატიურად აღიქვამს. წინასაარჩევნო გარემოს შეჯერებისა და არჩევნების ჩატარების შემდეგ, თუ მაინც მოხდა არჩევნების გაყალბება, როგორ ფიქრობთ როგორ მიიღებს ამას საერთაშორისო საზოგადოება? ან აღიარებს თუ არა არჩვენების ლეგიტიმაციას?
-საერთაშორისო მონიტორების მხრიდან დაკვირვების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო არჩევნების გაყალბება და მასთან დაკავშირებული შემდგომი პროცედურები, წინასაარჩევნო გარემოც. საერთო ჯამში, სწორედ ასე ფასდება არჩევნები. თუ კი ეს ყველაფერი არ შეფასდა ობიექტურად, მაშინ გაკეთდება სათანადო დასკვნა, რომ არჩევნები კი ჩატარდა, მაგრამ ეს არ შეესაბამებოდა იმ მოლოდინს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იყო. გამოითქმება წუხილი მომხდარის გამო და იმავდროულად იმედიც, რომ ვითარება სამომავლოდ გამოსწორდება, ანუ ფაქტიურად არჩევნებს უარყოფითი შეფასება მიეცემა. არ ვიცი აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებზე, რაც ქვეყანას დააზარალებს. ამით შესაძლოა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება, მაგრამ სამაგიეროდ დაზარალდება ქვეყნის პერსპექტივა. ეს კი თავის მხრივ, შემდგომ საარჩევნო ციკლში თავად ხელისუფლებაზეც უარყოფითად იმოქმედებს.
-ეუთოს წარმომადგენლები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხენ და ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს, რომ ნატოში ინტეგრაცია მხოლოდ მასთან არსებული პრობლემების მოგვარების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. როგორ ფიქრობთ მოხდება თუ არა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა?
-მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ითქვა ნატოში და ზოგადად ევროატლანტიკური ინტერგაციის წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, რეალური ფაქტორი, რომელიც ამ პროცესზე უარყოფითად მოქმედებს სწორედ ეს არის და კარგია, რომ ეს ასე ხმამაღლა ითქვა. ამას დასავლელი პაარტნიორები ხშირად ღიად არ ამბობენ და ამის სანაცვლოდ მეორეხარისხოვანი საბაბები მოყავთ. მაგრამ ცხადია, რომ მთავარი მაინც რუსეთის ფაქტორია. ეხლა ვნახოთ რამდენად შეძლებს ხელისუფლება ამ ფაქტორის გათვალისწინებას და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.
-მიხეილ სააკაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას სახალხო დიპლომატიის გზით აპირებს. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს გზა და უკავშირდება თუ არა ის ეუთოს რეკომენდაციებს?
-როგორც ჩანს უკავშირდება. თუმცა სააკაშვილის განცხადება, რომ რუსეთთან ურთერთობა სახალხო დიპლომატიის საშუალებით აღდგება იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების პირდაპირი რესურსი არ გააჩნია და ამას ირიბი გზებით ელის. როგორც ჩანს, ხელისუფლება ფიქრობს, რომ საქართველოს გახსნილობით და თუნდაც რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობით, ვითარება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ შეიცვლება, ეს კი შემდგომ თავის დადებით გავლენას მოახდენს რუსეთის ხელისუფლებაზე, მის პოლიტიკაზე, რაც საბოლოოდ მათ აიძულებთ გადახედოს დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებაში. ლოგიკურად ეს შეიძლება გამართულად ჟღერდეს, მაგრამ პრაქტიკაში ამის რეალიზიაცია ჯერ ერთი ხანგრძლივვადიანი პერსპექტივის საქმე მგონია და მეორეც, ამის არც თუ ისე დიდი ალბათობა არსებობს.
-ეუთოს კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ჩიორა თქთაქიშვილმაც შეაფასა და ეს „ქართული ოცნების“ ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას დაუკავშირა. თქვენი აზრით, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ვარაუდი? არის თუ არა შესაძლებელი „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთი გავლენიანი ლობისტები ჰყავდეს, რომლებიც ეუთოზე გავლენას მოახდენენ?
-ლობისტები რომ ყავს „ქართულ ოცნებას“ ეს ფაქტია. ისიც ცხადია, რომ ეს ლობისტები ენერგიულად და საკმაოდ აქტიურად მუშაობენ. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ინფორმაციის ერთადერთი წყაროები არიან. ჩვენს ქვეყანაში არაერთი საელჩოა, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ისინი ყოველდღიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სულაც არ არის საჭირო ლობისტები, რომ თავიანთი თვალით დაინახონ აქ მიმდინარე ის პროცესები, რასაც ყველანი ვხედავთ. ყველასთვის ნათელია, რომ კანონი აქ მოქმედებს შერჩევითად, მით უფრო, რომ კანონების სამართლიანობა ხშირ შემთხვევაში ეჭვს იწვევს. შესაბამისად ხელისუფლება ამ ადმინისტრაციულ რესურს თავის სასარგებლოდ იყენებს. რაც არ იმალება. სწორედ ეს მოხვდათ თვალში ეუთოს წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში ამის დასადასტურებლად მათ ლობისტების, საელჩოებისა თუ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია აქვთ, ამას არ აქვს მნიშნელობა. ფაქტია, რომ ეუთოს წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია შეაგროვეს, დარწმუნდნენ ამ ყველაფაერში და გააკეთეს შესაბამისი განცხადებები, რაც არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო დასკვნა. ალბათ ჯერ კიდევ იმედს იტოვებენ, რომ ამ გაფრთხილების შედეგად სიტუაცია გამოსწორდება. რამდენად გამოსწორდება, ეს როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლების ჭეშმარიტ უზენაეს მიზანზეა დამოკიდებული.
-და ბოლოს თქვენ როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს და როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია დღევანდელ საარჩევნო გარემოში სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება?
-ნორმალურ არჩევნებს სამი ძირითადი პარამეტრი უნდა ახასიათებდეს. ის უნდა იყოს ერთდროულად სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული. საქართველოში დღემდე ბევრჯერ ჩატარებულა არჩევნები - იქნება ეს საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო ისეთი, რომ ხსენებული სამივე მახასიათებელი ერთდროულად ჰქონოდა. ზოგჯერ არჩევნები მართლაც იყო კონკურენტული, მაგრამ არ იყო სამართლიანი ან პირიქით. ეხლაც ისე ხდება, რომ ეს სამივე პარამეტრი არ არის სახეზე. თუ კი მართლაც აქვს ადგილი მოქალაქეთა დაშინებას, ფარულ საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევას, და ა.შ. როგორ უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი?! ანდა თუ კი საარჩევნო სუბიექტებს თანაბრად არ შეუძლიათ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა არსებულ საკანონმდებლო სივრცეში და პოლიტიზირებულ სახელმწიფო ინსტიტუტების გარემოში, როგორ უნდა ჩაითავალოს საარჩევნო გარემო სამართლიანად?! რაც შეეხება კონკურენტულობას, ეს მახასიათებელი ამ შემთხვევაში ნამდვილად სახეზეა - ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ სახით რეალური კონკურენტი გამოუჩნდა.
რეგიონებში საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება ალტერნატიული ინფორმაციის წყაროებზე. მოარული ხმები გვამცნობენ, რომ ხდება მოსახლეობის დაშინება, მათზე ხორცილდება ზეწოლა და ძალადობა. ხდება მათი ფარული ფორმებით მოსყიდვა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასე ელექტორატის გარკვეული ნაწილი თავისუფალ არჩევანს ვერ გააკეთებს. ეს არის მთავარი პრობლემა. სწორედ ამას უნდა ხედავდნენ მონიტორები და დამკვირვებლები, რომლებმაც, სხვათა შორის, ჩამოსვლა დაგვიანებით დაიწყეს. ჩვენ ყველას გვეგონა რომ ისინი თვეების წინ ჩამოვიდოდნენ, თუმცა მხოლოდ ეხლა იწყებენ ჩამოსვლას. ხსენებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრაქტიკა კი თვეებია რაც ხორციელდება. ასეთ ვითარებაში, ცხადია, საარჩევნო გარემო ვერ იქნება ევროპული გაგებით სამართლიანი.