დღეს შვიდი ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს.
უფლებადამცველები ხატია დეკანოიძისგან ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორის მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
უფლებადამცველების სპეციალური პრესკონფერენცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ბათუმის ოფისში გაიმართება.
ხატია დეკანოიძეს მიმართავენ: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (უჩა ნანუაშვილი) „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი,“ (ლია მუხაშავრია) „კონსტიტუციის 42 მუხლი“ (ნაზი ჯანეზაშვილი) „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ (ია ანთაძე) „უფლებადამცველთა გაერთიანება“ (ნიკოლოზ მჟავანაძე) „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის“ (ლადო მგალობლიშვილი) და „ახალგაზრდა ადვოკატები“ (თინათინ ნიბლოშვილი)
უფლებადამცველები თამარ კაიკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც მიმართავენ. მედიას სპეციალურ განცხადებას მოსარჩელე მხარის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი გააცნობს.
ცნობისთვის: უფლებადამცველების მიმართვას წინ უძღვის საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურებაც. გაერო-ს თბილისის ოფისის 17 აგვისტოს წერილობითი განმარტებით აღიარებულ იქნა ის ფაქტი, რომ თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევის სფეროს, სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის შემთხვევაში კი, გაერო-ს თბილისის წარმომადგენლობა მხარეს საქმის გაერო–ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაგზავნით დაეხმარება.
თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური მიზეზით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, თუმცა მოსარჩელე მხარის მტკიცებულებებით, აღნიშნული გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებით პირის არასაიმედოობის გამო მოხდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი განმხილველი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული, სადაც დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.