საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის გამონათქვამების შესახებ გაკეთებულ მის კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"ბატონი რიკარდო მილიორის სრული კომენტარის წაკითხვის შემდეგ, როგორც გავარკვიე მის განცხადებაში არანაირად არ იგულისხმებოდა საქართველო, როგორც "ლენინისტური" ქვეყანა, როგორც მე ეს ფაქტი არასწორად მომაწოდეს ჩემი კომენტარის გაკეთებამდე, ანუ მაშინ, როდესაც მე მისი განცხადება წაკითხული არ მქონდა. განცხადების გაცნობის შემდეგ, ვაცხადებ, რომ ავტორი იქ სხვა საკითხებთან ერთად იხილავს ქართული პოლიტიკური კულტურის ცალკეულ თავისებურებებს, როგორც ეს ახალგაზრდა დემოკრატიებს ახასიათებთ და აკეთებს საკუთარ შეფასებას, რისი საწინააღმდეგოც ბუნებრივია, არაფერი მაქვს. რადგან მისი კომენტარი ჟურნალისტის ციტირების შედეგად გავიგე, ამდენად ჩემი წანადადებაც არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, თითქოს მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადგომა მოვითხოვე, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. აქ საქმე გვაქვს ციტირებულ კომენტარზე კომენტირებასთან, რითაც ამგვარი მცდარი ინტერპრეტაციის საშუალება შეიქმნა", - ნათქვამია ნიკა რურუას განცხადებაში, სადაც პრესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ეს ფაქტი გაითვალისწინონ და სიმართლე არ დაამახინჯონ.
ნიკა რურუამ გუშინ, ჟურნალისტებთან საუბარში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის გამონათქვამს, სადაც მან საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი ლენინიზმს შეადარა, სისულელე უწოდა.