საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილისა და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც მანჯგალაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელიც საქართველოში ვიზიტად იმყოფება.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე სწორედ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის ინიციატივით. ეუთოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა", - აცხადებს პრეზიდენტის პრესსპიკერი.
მანჯგალაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც წინ გადადგმული ნაბიჯები, ასევე არსებული ნაკლოვანებები და აღნიშნა, რომ ამავე შეხვედრაზე დაისახა მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზები.
„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი უდიდესი პატივისცემით არის გამსჭვალული ბატონი რიკარდო მილიორის, ბატონი ტონინო პიცულას და ეუთოს დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და დიდი გულისყურით ეკიდება მათ თითოეულ მოსაზრებას. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეუთოსთან და მის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარების საკითხზე ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.