თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა წვევამდელი 21 წლის ჯაბა გაბიტაშვილი.  აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.

„სამწუხაროდ მოხდა ეს ფაქტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. საქმეს იძიებს სამხედრო პოლიცია, გამოძიების დასრულების შემდეგ დეტალები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის", - განმარტეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად მე-9 არხმა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მცხეთაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა წვევამდელი, 21 წლის ჯაბა გაბიტაშვილი. ოჯახის ახლობლების თქმით, თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულის ოჯახს ტელეფონით აცნობა, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა.

დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დაღუპული წვევამდელის ოჯახის წევრები პროზექტურასთან იმყოფებოდნენ და ცხედრის ნახვას ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და საეჭვო დეტალებზე საუბრობენ. გაბიტაშვილი სოფელ ვეჯინიდან იყო.

პროზექტურასთან შეკრებილი დაღუპულის ახლობლები ამბობდნენ, რომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, რომელიც ასევე კახეთიდან იყო.