დღეს რუსთავში, ჟიული შარტავას მოედანზე, „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება

დღეს რუსთავში, ჟიული შარტავას მოედანზე, „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება

დღეს რუსთავში, ჟიული შარტავას მოედანზე, „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება. კოალიციის  წარმომადგენლებმა ღონისძიებისთვის მზადება დილის 9 საათიდან დაიწყეს. შარტავას მოედანზე მონტაჟდება სცენა, ეკრანები და გახმოვანების აპარატურა. სამუშაოების საორგანიზაციო ჯგუფი ხელმძღვანელობს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური კოალიციის აქციაზე რაიმე ექსცესებს არ ელოდება და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროცესები მშვიდობიანად განვითარდება.

ძიძიგურის განცხადებით, ისინი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ მანიფესტაციებისა და შეკრებების ჩატარების შესახებ, ამიტომ მათ ნებართვა არც სჭირდებათ.

ძიძიგურის განცხადებით, რუსთავის საორგანიზაციო შტაბი თავადვე გაუკეთებს ორგანიზებას აქციას და თუ, მერიის სამსახური საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებაში მიეხმარება, კოალიციის საორგანიზაციო შტაბის წევრები უარს ნამდვილად არ იტყვიან.

„ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი დილიდან ყველაფერს აკეთებს. 15:00 საათიდან მოძრაობის დარეგულირებას ვიწყებთ, ხოლო საღამოს ჩვენ თვითონ დავასუფთავებთ მოედანს აქციის შემდეგ.

ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია გვყავს გაფრთხილებული და ისინი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

 მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას ვიყენებთ კონსტიტუციურს მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ, თანაც წინასაარჩევნო პერიოდია თუ რაიმე განცხადებას გააკეთებს თვითმმართველობის ორგანო, ეს მათი კომპეტენციაა. მერიას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს, თანაც ამ თემაზე“,-აცხადებს ძიძიგური.

„ქართულ ოცნება“ რუსთავში 19 აგვისტოს აქციის გამართვას თავდაპირველად მერიის წინ ან, მეგობრობის მოედანზე გეგმავდა.  თუმცა, რუსთავის მერიამ მათ უარი უთხრა.  იმ მოტივით, რომ მეგობრობის მოედანზე გმირთა მემორიალის მშენებლობა მიმდინარეობდა, მერიის წინ კი 19 აგვისტოს კულტურული ღონისძიებები იყო დაგეგმილი.

 აქციის ჩატარების ალტერნატიულ ადგილებად მერიამ კოალიციას 21-ე მიკრორაიონის ან მე-11 მიკრორაიონში მდებარე რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და მეორე განაცხადით აქციის ჩატარება შარტავას მოედანზე ითხოვა. მერიამ კოალიციის თხოვნა კვლავ არ დააკმაყოფილა და ალტერნატიულ ადგილად მეტალურგიული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა, რაზეც კოალიციისგან უარი მიიღო.

ამის შემდეგ კოალიციამ ოფიციალური წერილით აცნობა მერიას, რომ „ქართული ოცნება“ 19 აგვისტოს აქციას შარტავას მოედანზე გამართავს.

კერძოდ, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით, კოალიციას არანაირი ვალდებულება არ აქვს, მერიისგან აქციის ნებართვა მოითხოვოს და კანონის მიხედვით, აქციის გამართვისთვის გაფრთხილებაც საკმარისია.

„ჩვენ არანაირი ნებართვა არ გვჭირდება მერიისგან და თვითმართველობის ორგანოებისგან. კანონმდებლობის მიხედვით გვაქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება, რომ წინასწარ გავაფრთხილოთ თვითმართველობის ორგანოები მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ, თუ მოძრაობა იკეტება. ჩვენ აქცია ჟიული შარტავას მოედანზე ვაპირებთ, ამიტომ ბუნებრივია მოძრაობა ჩაიკეტება და ამის საქმის კურსში ჩავაყენეთ მერია“,-აღნიშნავს ძიძიგური.

აქცია რუსთავში, შარტავას მოედანზე დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.