მალაშხია : თიბილოვი არაფრის ამშენებელი არ არის

მალაშხია : თიბილოვი არაფრის ამშენებელი არ არის

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის  თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, ლეონიდ თიბილოვი ქართული სოფლების ადგილას არაფრის ამშენებელი არ არის.აღნიშნული კომენტარი მალაშხიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განკარგულებაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც, "ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე ქართული სოფელი, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიცალა, აღარ იარსებებს".

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით,ქართული სოფლების ადგილზე სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ობიექტები განთავსდება.

შოთა მალაშხიას შეფასებით, პუტინს დაბალი რეიტინგი აქვს, საერთაშორისო დონეზეც სერიოზული პრობლემები აქვს და ამ სიტუაციაში სჭირდება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს მსგავსი განცხადებებით რაც მისმა მარიონეტმა თიბილოვმა გააკეთა.       

„რატომ გააკეთა პუტინმა განცხადება, რომ 2007 წელს ჰქონდა გეგმა საქართველოში შემოჭრის? ეს სჭირდება შიდა მოხმარებისთვის, რომ ძალიან მაგარი ბიჭია და დიახ, 2007 წელს დაგეგმა ყველაფერი. ახლა ქართული სოფლების გაწმენდას აპირებს და იქ რაღაცის აშენებას. ეს იმ რიტორიკის გაგრძელებაა“, – აღნიშნა მალაშხიამ.

მისი თქმით, რომ ეს პროცესები საერთაშორისო დონეზე უნდა გადაწყდეს, რადგან ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. მალაშხია მიიჩნევს, რომ  ქართულ სოფლებში თუნდაც ერთი სახლიც კი თუ დაინგრევა სტრასბურგის სასამართლოს უნდა მიმართონ, რომლის მოგებაც თავისუფლად არის შესაძლებელი.

ლეონიდ თიბილოვის ამ განცხადებასთან დაკავშირებით პარლამენტის ტერიტორიულ საკითხთა კომისია სპეციალურ განცხადებასაც მოამზადებს.