ალასანიამ 7 თვის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა მოინახულა

ალასანიამ 7 თვის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა მოინახულა

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ ანაკლიაში, 7 თვის წინ დაკარგული გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე მოინახულა.

შეხვედრაზე ალასანიამ ცინარა აბულაძეს პირობა მისცა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პოლიციელები, რომლებმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მკაცრად დაისჯებიან.

მისივე თქმით, ის რაც აბულაძეების ოჯახში მოხდა, არაამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტრაგედიაა.

„კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ის, რომ როცა ასეთ ოჯახს პოლიციის წარმომადგენლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მე ამ ოჯახს ბევრ ვერაფერს ვპირდები, გარდა იმისა, რომ ის პოლიციელები, რომლებიც ხელით შეეხნენ ამ ქალბატონს, კანონის წინაშე პასუხს აგებენ. ვპირდები იმასაც, რომ გამოძიება ჩატარდება. ასეთი უსამართლობა ხდება უკვე მთელს საქართველოში", - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, ცინარა აბულაძის თქმით, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის ანაკლიაში ვიზიტისას, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები მის ოჯახში შეიჭრნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აბულაძის ცნობით, მის სახლში შეჭრილ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის იყო ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი ლევან ქირიაც.

„ჩემი აზრით, მათი გაღიზიანება სახლის წინ გაკრულმა პლაკატებმა გამოიწვია, სადაც ჩემი შვილის გაუჩინარების საქმეში პოლიციელებს ვადანაშაულებდი და პრეზიდენტისგან დახმარებას ვითხოვდი“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

გოგიტა აბულაძე 7 თვის წინ გაუჩინარდა.