სოსო ცისკარიშვილი: არ შეიძლება პრეზიდენტი მუდმივად კონფერანსიეს როლში იყოს

სოსო ცისკარიშვილი: არ შეიძლება პრეზიდენტი მუდმივად კონფერანსიეს როლში იყოს

 

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს დრო არ რჩება კაბინეტში დაჯდეს და თავისი სამუშაო შეასრულოს, რადგან მუდმივად უწევს ექსკურსია მძღოლის ფუნქციების შესრულება.

„ძალიან რთულია კომენტირება სააკაშვილის მიერ უკანასკნელ თვეებში გაკეთებული განცხადებების, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ. ჩემის აზრით, შინაარსი უკვე აღარ არის პირველხარისხოვანი შეფასების საგანი. ფაქტია, რომ ჩვენს პრეზიდენტს დრო არ რჩება რომ შევიდეს სამუშაო კაბინეტში, იფიქროს, გაანალიზოს ვითარება. მას უწევს ექსკურსიამძღოლის ფუნქციების შესრულება და ქვეყნის ყველა კუთხეში ტურიზმზე უწევს საუბარი. თანაც ვიგებთ, რომ სწორედ ტურიზმია მთავარი, რათა დაძლეული იქნას ქვეყანაში სიღარიბე“,-აცხადებს ექსპერტი From.ge-სთან საუბარში. 

ცისკარიშვილის აზრით, პრეზიდენტის გამოსვლაში სოლიდურობის ნატამალიც აღარ არის, რომლის პრეტენზიაც მას 7-8 წლის მანძილზე ჰქონდა. ასეთი არასოლიდური გამოსვლები კი  არც მას მატებენ ღირსებას და არც იმ ქვეყანას, რომელსაც ის ამჟამად ხელმძღვანელობს.

„მისმა მხარდამჭერმა ტელევიზიებმაც უნდა იზრუნონ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა  დოზირებულად  აჩვენონ, რადგან არა მხოლოდ ოპოზიციონერებს, არამედ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებსაც სჭირდება მედია ცენზურა, რადგან სახელმწიფოს ინტერესები უფრო მაღალია, ვიდრე ამა თუ იმ მოხელის აღტაცებული ემოცია“,-მიაჩნია ექსპერტს.

ცისკარიშვილის განცხადებით, არ შეიძლება პრეზიდენტი მუდმივად კონფერანსიეს როლში გამოდიოდეს.

„კარგია, როდესაც იხსნება აღდგენილი ისტორიული ობიექტები ან ახალი შენობა, მაგრამ არ შეიძლება სახელმწიფოს პირველი პირი, რომელსაც არ აქვს გააზრებული რა უნდა აკეთოს ქვეყანაში, მუდმივად კონფერანსიეს როლში იყოს. მოვუწოდებდი ჩვენს პრეზიდენტს, დაბრუნდეს სამუშაო რეჟიმში და „კარდაკარის პრინციპით“ ამუშაოს სხვები. თვითონ კი იზრუნოს იმაზე, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს, რუსული აგრესიის მსხვერპლი“,-აცხადებს ცისკარიშვილი.