ლევან ბერძენიშვილი: გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერებს ქმნის

ლევან ბერძენიშვილი: გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერებს ქმნის

საქართველოში წინასაარჩევნოდ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის ინიციატივა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციურმა სპექტრმა რამდენიმე თვის წინ გააჟღერა. არჩევნებამდე თვენახევარიღა დაარჩა, თუმცა ამ დროისათვის ცესკოში მხოლოდ 2 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანასთან არსებული მთავარი პრობლემა ხელისუფლებას უკავშირდება. ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას „იმდენი კაცი არ დაუპატიჟებია, რომ ბევრი ჩამოსულიყო“.

მისივე თქმით, ცესკოში ცალკეულ არასამთავრობო უცხოურ ორგანიზაციებს გარკვეული პრობლემები ექმნებათ და აღნიშნა, რომ ეს ძირითადად დარეგისტრირებისას ხელისშეშლაში გამოიხატება.

„მსგავსი პრობლემა შესაძლოა არამარტო გრძელვადიან, არამედ მოკლევადიან დამკვირვებლებსაც შეუქმნან. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ვერ მოიწვია საჭირო რაოდენობის დამკვირვებლები, თუმცა ნათელია, არც იქედან იყო განსაკუთრებული დაინტერესება“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული გეგმა, რის მიხედვითაც კოალიცია დამკვირვებლების ჩამოყვანას აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ ისინი  მოკლევადიანი მისიით ეწვევიან საქართველოს.

„ზოგადად, წინასაარჩევნოდ სხვა ქვეყანაში არავინ არ ჩადის 3 და 10 თვით ადრე. მართალია, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და გვინდა, რომ არჩევნებს დააკვირდნენ, მაგრამ ჩვენს გარდა ბევრ სხვას მაინცდამაინც არ ადარდებს.

 მოწვევები არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე გავუგზავნეთ, თუმცა რამდენი მათგანი ჩამოვა ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ  დამკვირვებლები საქართველოს დაახლოებით აგვისტოს ბოლოსკენ ეწვევიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის რეგისტრირებული.