უფლებადამცველები დაჩი ცაგურიაზე განხორცილებული თავდასხმის გამოძიებას ითხოვენ

უფლებადამცველები დაჩი ცაგურიაზე განხორცილებული თავდასხმის გამოძიებას ითხოვენ

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებადამცველ დაჩი ცაგურიაზე განხორციელებულ თავდასხმას აპროტესტებენ და საქმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ  უფლებადამცველებმა  "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაანაცხადეს.

ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, ცაგურიაზე თავდასხმის ფაქტი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამოუძიებელი დარჩება.

"ეს ფაქტი იმ კონტექსტში ზის, რა რეალობაც დღეს ქვეყანაშია. ამ ფაქტს არანაირი გამოძიება არ მოყვება. ეს არის ტყუილი. ოქტომბრამდე პირიქით, უფრო გაძლიერდება ასეთი ზეწოლები, ასეთი შემოტევები, მაგრამ მე მგონია ქართველი ხალხი და საზოგადოება მზად არის ამ გამოწვევებისთვის. მიუხედავად ასეთი მმართველობისა, ჩვენ მაინც შევძლებთ ქვეყანაში დავამყაროთ დემოკრატია", - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

თავად დაჩი ცაგურიას თქმით კი, ბეთანია-კოჯრის გზაგასაყარზე მომხდარი თავდასხმის შესახებ უკვე აცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, ასევე სახალხო დამცველსაც.