თავისუფალი საქართველო სიღნაღში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების  მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

თავისუფალი საქართველო სიღნაღში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, სიღნაღში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების  მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ პარტიის სიღნაღის ორგანიზაციის თავმჯდომარე - მაია სუხიშვილმა განაცხადა.

 მისი თქმით, ეს პროცესი მას შემდეგ გამწვავდა, რაც წინასაარჩევნო მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსახლეობის დაშინება და ტერორი ღიად დაიწყო.

 „განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეები იდევნებიან შესაბამისი ორგანოების მიერ. ნაციონალური მოძრაობის სოფელ ქვემო მაჩხაანის სპეციალისტი, შერმადინ ჯანყარაშვილი დაემუქრა მოქალაქე შოთა მჭედლიშვილს, რომ თუ იგი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში მივიდოდა პრობლემები შეექმნებოდა პოლიციასთან“, - აცხადებენ პარტიაში.

 პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაცია აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს  კეთილგონიერებისაკენ  მოუწოდებს.

 „ნუ ეცდებიან განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე მოახდინონ ზემოქმედება, რადგან დემოკრატიულობაზე აქვთ პრეტენზია. თუ აღნიშნული ქმედება გაგრძელდა ჩვენი პარტიის მხარდამჭერებზე, ჩვენ ამ ფაქტს გავაპროტესტებთ სიღნაღის გამგეობის წინ“, - აღნიშნეს პარტიაში.