ვიქტორ დოლიძე:  პარტიებზე  ინკასოს დადებით ხელისუფლება ჰაერის გადაკეტვას ცდილობს

ვიქტორ დოლიძე: პარტიებზე ინკასოს დადებით ხელისუფლება ჰაერის გადაკეტვას ცდილობს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით, კოალიციაში შემავალ ოთხი პარტიის ანგარიშებზე ინკასოს დადებით, ხელისუფლება ჰაერისა და ყოველგვარი რესურსების გადაკეტვას ცდილობს.

ამის შესახებ დოლიძემ From.ge -სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება კარგად ხედავს თუ რა ამაღლებული განწყობაა საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ მიმართ, ამიტომ მისი მოსაზრებით, ხელისუფლებას ერთადერთი გზად მსგავსი ქმედებების განხორციელება რჩება.

„თვითონ ისინი ადმინისტრაციულ რესურსებს ხარჯავენ, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ამოდის და ამით აბსოლუტურ უკანონობას ჩადიან, მაგრამ ჩვენ კანონიერადაც არ გვახარჯინებენ  ჩვენს ფინანსებს. ხელისუფლება გრძნობს, რომ არჩევნებში დამარცხდებიან,  ამიტომ ერთადერთი გზა, რაც რჩებათ ეს არის ძალადობა, ტერორი, დაშინება, მუქარა და მსგავსი უკანონო ინკასოების დადება“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი განმარტებით, საარჩევნო კამპანიის შეწყვეტას არ აპირებენ და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მათ მეგობრების, ახლობლების და იმ პირების იმედი აქვთ, ვისაც საქართველოზე გული შეტკივა.

„ამ ადამიანებს იმდენად ამოუვიდათ ყელში ეს ძალადობრივი, ფინანსური თუ პოლიტიკური ტერორი, რომ ეხლა გადადებული აქვთ ყველაფერი, ოღონდაც ცვლილება მოხდეს ქვეყანაში, მე მათი მადლობელი ვარ, რომ ამ საკითხს ასე შეგნებულად, ადექვატურად და გაბედულად უდგებიან. ასე რომ, მე ეხლა ისევ ამ ხალხის და შემომწირველების გვერდში დგომის იმედი მაქვს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ოთხი პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკური პარტიის“,  „კონსერვატიული პარტიისა“ და „ეროვნული ფორუმის ანგარიშებს ინკასო დაედო და ისინი სახელმწიფოს მიერ გაკონტროლდება.