ნუკრი ქანთარია: ისნის რაიონში არცერთი სხვა პარტიის კანდიდატს კონკურენტად ვერ აღვიქვამ

ნუკრი ქანთარია: ისნის რაიონში არცერთი სხვა პარტიის კანდიდატს კონკურენტად ვერ აღვიქვამ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ისნის რაიონში სხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატებს კონკურენტად ვერ აღიქვამს. ამის შესახებ ქანთარიამ დღეს For.ge სპრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ისნის  რაიონის მაცხოვრებლებს, ისევე როგორც მთელს ქვეყანას, უამრავი პრობლემის სახით „საჩუქარი დაუტოვა“.

როგორც ქანთარია აცხადებს  მოსახლეობასთან შეხვედრებისას ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობა იკვეთება. ამასთანავე, სერიოზული პრობლემაა მაღალი კომუნალური გადასახადები, დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები, მოხსნილი სოციალური დახმარებები, მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი და ა.შ.

„ამ რაიონის უამრავი პრობლემიდან ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში არც ერთი არ გადაჭრა. სოციალური დახმარება ხელისუფლებამ მხოლოდ მის მომხრეებს დაუტოვა, ხოლო ოპოზიციურად განწყობილებს მოუხსნა“ - განაცხადა ქანთარიამ.

 მისი თქმით, ისნის რაიონის მოსახლეობა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილია და მათ „ადამიანურად ცხოვრების იმედი“ აქვთ.

მისი განცხადებით, ამის თქმის საფუძველს მას „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების განწყობა აძლევს. როგორც ქანთარია აცხადებს, ამის გამო  როგორი კანდიდატიც არ უნდა დასახელოს სხვა პარტიის წარმომადგენლებმა, მას სრული უპირატესობა ექნება.

„ეხლა დაიწყეს ვითომ ისეთი კანდიდატების დაყენება, რომელთაც თითქოს დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, რადგან ხალხის გაღიზიანებას ერიდებიან. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ისინი მაინც უმცირესობაში იქნებიან. ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს ხმას ერთადერთი მიზეზის გამო - რომ ეხლა დაიწყეს მათ ოქროს კოშკების აგება“, - განაცხადა მან.

ქანთარია მიიჩნევს, რომ იმ დაპირებებს, რომელსაც საზოგადოებას „ქართული ოცნება“ აძლევს „ნაციონალური მოძრაობა“ ამრავლებს და ასე ცდილობს მათი ხმების მოპოვებას. მისივე განმარტებით, ხალხისგან მხოლოდ ერთი შეკითხვა ჩნდება - თუ სად იყო ხელისუფლება აქამდე.

„იმას რასაც ჩვენ ვპირდებით ხალხს. ნაციონალები ამრავლებენ და  სადღაც ღრუბლებამდე ადიან. თუმცა პრეზიდენტს მართლაც აქვს ნიჭი ღრუბლებში იაროს. ხალხი კი მას ეკითხება თუ მათ უყვარდათ ადამიანები და მასზე ზრუნავდნენ, სად იყო 8 წლის განმავლობაში, სად იყვნენ მაშინ, როცა „გულში გაზაფხული ენთო“. ეს არის შეკითხვები, რომელზეც მათ რაც არ უნდა მოიგონონ, პასუხი არ აქვთ“, - დასძინა ქანთარიამ.

ცნობისთვის, ისნის რაიონში „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს გრიგოლ ვაშაძე, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“ კი ლევან ვეფხვაძე იყრის.