ბიძინა გუჯაბიძე: დათო მერაბიშვილი ადიგენის მოსახლეობას აშინებს, ოფისისთვის ფართი არ მოგვაქირაონ

ბიძინა გუჯაბიძე: დათო მერაბიშვილი ადიგენის მოსახლეობას აშინებს, ოფისისთვის ფართი არ მოგვაქირაონ

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ადიგენის რაიონში ოფისი კარავში გახსნა. კოალიციაში აცხადებენ რომ ამის აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ კოალიციას ფართის მიქირავებაზე ყველა ადგილობრივმა მოსახლემ უარი უთხრა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ადიგენის მაჟორიტარობის დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რადგან ადიგენის ყველა მოსახლე დათო მერაბიშვილმა დააშინა, ამიტომ მათ ორიგინალურ ხერხს მიმართეს და პოლიციის შენობის წინ „ქართული ოცნების“ შტაბი კარავში გახსნეს. 

„ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას ვაგრძნობინეთ, რომ უკან დახევას არ ვაპირებთ. ამით ჩვენ, მათ უკანონო ქმედებას ჩვენი კანონიერი ქმედება დავუპირისპირეთ და ამ კარავში ვაგრძელებთ საქმიანობას.  დაახლოებით 16-17 ადამიანთან მქონდა მოლაპარაკება ფართის დაქირავების თაობაზე, შევთანხმდებოდით, დაადგებოდნენ მათ დათო მერაბიშვილი და მისი წარმომადგენლები და ხელშეკრულების გაუქმებას და უარის თქმას აიძულებდნენ. ჩვენი მომხრეებიც დააშინეს, ზოგს პრობაციონერი ჰყავს შვილი, ზოგს მაღაზია აქვს, ზოგის ოჯახის წევრიც ხელისუფლების სტრუქტურებში მუშაობენ.

როდესაც თქვენ გესაუბრებით, მოსახლეობას ვხვდებით. რა თქმა უნდა, არიან პროვოკატორებიც, თუმცა ძალიან ბევრი მათგანი  დიდი კმაყოფილებით და სიხარულით გვხვდება. მინდა გითხრათ რომ ნავსი გატყდა, ადიგენის მოსახლეობა, რომელიც ადრე ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, ახლა ჩვენი მომხრეები არიან. ისინი ჩუმად გვეუბნებიან, რომ თქვენ დაგიჭერთ მხარს, მხოლოდ ახლა ღიად ვერ გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებებსო.

ადიგენის რაიონში 7000-მდე პრობაციონერია. მინდა დახმარება ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციას, NDI-ისა და IRI-ს ვთხოვო და ყველა მათგანის ოჯახში მივიდე. ხელისუფლებამ ეს ხალხი ჯერ შეუშვა ტყეებში და აჩეხინა უკანონოდ, შემდეგ საპროცესოები გაუფორმა,  პირობითი სასჯელი დაადო და შესანიშნავად იცით, რომ ისინი ერთი გადაცდომის შემთხვევაშიც, შეიძლება ციხეში აღმოჩნდენე. მინდა ეს ინფორმაცია საჯარო გავხადო. ჩვენ მივალთ თითოეული მათგანის ოჯახში, გარანტიას მივცემთ, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში რომ პრობაცია მოეხსნებათ და ყველა ის სიკეთე, რასაც „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ჰპირდება, მათ ოჯახებშიც შევა“,-აცხადებს გუჯაბიძე.