„თავისუფალი საქართველო“ ნაცმოძრაობას მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს

„თავისუფალი საქართველო“ ნაცმოძრაობას მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს

„თავისუფალი საქართველო“ პარტიის ხაშურის შტაბის წარმომადგენლის ნიკოლოზ არჯევანიძის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ამ თემასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ომანაძე აღნიშნავს, ნიკოლოზ არჯევანიძეს "ნაციონალური მოძრაობის" ხაშურის ორგანიზაციის წარმომადგენლები სახლში შეუვარდნენ და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მისი თქმით, დაზარალებულს „თავისუფალ საქართველოსთან“ ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა მოთხოვეს, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე არჯევანიძემ კატეგორიული უარი განაცხადა.

„ინციდენტის შემდეგ ჩამოვიდა დედაქალაქში, რათა მომხდარის შესახებ ეცნობებინა პარტიის ცენტრალური ოფისისთვის. უკვე თბილისში ჩამოსულ არჯევანიძეზე თავდასხმა კვლავ განმეორდა, ამ ინციდენტს შეესწრო საპატრული პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა. არჯევანიძეს მიყენებული აქვს სხეულის დაზიანება“, - განაცხადა ომანაძემ.

პარტია "თავისუფალი საქართველო" მიმართავს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დანაშაულზე. პარტია ასევე მიმართავს სახალხო დამცველს და არჩევნების გამჭვირვალობაზე მომუშავე ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ პარტიის წარმომადგენელზე პოლიტიკური ზეწოლისა და თავდასხმის ფაქტით.