პრეზიდენტმა და პატრიარქმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პრეზიდენტმა და პატრიარქმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.

ქართველი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები.

ძმათა სასაფლაოზე, დაშვებული დროშების ფონზე სამგლოვიარო მარში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული 27 სამხედროა დაკრძალული.

დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.

ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.