მაია ფანჯიკიძე: მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ძალადობის ფაქტები სრულყოფილად შეისწავლონ

მაია ფანჯიკიძე: მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ძალადობის ფაქტები სრულყოფილად შეისწავლონ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისადმი მიმართვა გააცნო და სადამკვირებლო ორგანიზაციებს მმართველი გუნდის მიერ,  საარჩევნო ქცევის წესების დარღვევების ფაქტების სრულყოფილად შესწავლისკენ მოუწოდა.

ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ   კოალიცია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის საარჩევნო კამპანიის და არჩევნების შედეგების დადგენის პროცესში ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაუშვებლობისადმი. „ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე,  კოალიცია უპირობოდ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ 17-პუნქტიან დოკუმენტს და აიღო მასში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება. ამასთან, ჩვენ შეშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის მხრიდან ქცევის წესების სისტემატური დარღვევა. კერძოდ, ბოლო დღეებში აჭარაში კვლავ დაფიქსირდა მათი წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისა და მათ დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართვის მცდელობა. მივმართავთ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დროულად და სრულყოფილად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და ობიექტური შეფასება მისცენ მომხდარს“,- აღნიშნულია მიმართვაში.

ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა  ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს და აღნიშნულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდონ.