რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებლის ღია წერილი  ეთიკის ქარტიასა და საზოგადოებას

რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებლის ღია წერილი ეთიკის ქარტიასა და საზოგადოებას

რადიო "ჰერეთის" დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" სახელზე ღია წერილი გაავრცელა, რომელსაც From.ge  უცვლელად გთავაზობთ:

  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, საბჭოს წევრებს და საზოგადოებას

  ძვირფასო კოლეგებო,

  "პირველ რიგში  მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიის, როგორც  ინსტიტუტის  და ასევე თითოეული მისი წევრის მიმართ.  მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან აღარ ვარ ქარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კვლავ ვრჩები ჟურნალისტური  ეთიკის ქარტიის დამფუძნებლად და დიდ გულშემატკივრად.

 თქვენთვის ცნობილია ისიც, რომ ჩემი კომპანიის  - „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ ყველა ჟურნალისტი ეთიკის ქარტიის წევრია და იცავს ქარტიის პრინციპებს, ჟურნალისტურ ეთიკას და კოლეგიალურობას.

 როგორც მოგეხსენებათ,  „ჰერეთს“  მიმდინარე სასამართლო დავა აქვს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ. აღნიშნულ დავაზე სასამართლომ მესამე პირად ჩართო კომპანია „მედია ჰაუს დეკომი“ (რადიო „ცხელი შოკოლადი“),  რომელიც ჩვენს კონკურენტ კომპანიას წარმოადგენდა 2011 წლის  30  სექტემბრის რადიოლიცენზიის კონკურსზე.

 შეგახსენებთ, რომ კონკურსზე კომისიამ რადიომაუწყებლობის უფლება  „მედია ჰაუს დეკომს“ მიანიჭა და  კომისიის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას  დღემდე სასამართლოს გზით ვასაჩივრებთ.

 2012 წლის 3 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე მესამე პირის, შპს „მედია ჰაუს დეკომის“ ადვოკატად წარდგა დავით კლდიაშვილი, რომელიც ამავდროულად გახლავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მდივანი.

 აქვე განვმარტავ, რომ  სასამართლო პროცესზე იგი ადვოკატირების მინდობილობით იყო წარმოდგენილი  და ახსნა-განმარტებებს იძლეოდა მოსამართლის წინაშე. არსებობს სხდომის აუდიო ოქმიც.

 გასაგებია, რომ ბატონ კლდიაშვილს საკუთარი იურიდიული კომპანიაც აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ იგი არ უნდა ჩართულიყო მხარედ ორ მედიაკომპანიას შორის სამართლებრივ დავაში.

 რადგან დავით კლდიაშვილი ქარტიის საბჭოს მდივანია, ამიტომ მისი  მონაწილეობა ორ კომპანიას შორის იურიდიულ დავაში შესაძლოა აღქმული ყოფილიყო, როგორც ქარტიის პოზიცია.

 მე, როგორც დამოუკიდებელი მედიაკომპანიის მფლობელი და ქარტიის გულშემატკივარი,  ვთვლი,  რომ ეთიკის ქარტიის მდივნის გამოჩენა სასამართლო განხილვაზე ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და ქარტიის რეპუტაციისთვის სასარგებლო ნაბიჯი  არ არის.

 ვფიქრობ, რომ აღნიშნული გარემოება  უხერხულობას ქმნის იმ ღირებულებებისა და პრინციპებისათვის, რომელთაც ქარტია აღიარებს და რომელთა დაცვაში მცირეოდენი წვლილი მეც მიმიძღვის.

  ვადასტურებ ღრმა პატივისცემას ეთიკის ქარტიის საბჭოსა და მისი წევრების მიმართ  და მოგმართავთ თხოვნით, იქნებ ეს შემთხვევა გახდეს ქარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის საფუძველი, რათა მომავალში თითოეული ჟურნალისტი, მედია  და საზოგადოება დაზღვეული იყოს მსგავსი უხერხულობისგან და გამოირიცხოს ქარტიის ასოცირება რომელიმე მხარესთან." -  აცხადებს რადიო "ჰერეთის" დამფუძნებელი ღია წერილში.